Friday, June 12, 2009

გაიცანით ახალი გუნდები

Formula 1

13 ივნისი

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) მომავალი სწზონის მონაწილე გუნდების სია გამოაქვეყნა, რომელშიც სამი ახალი გუნდია ნახსენები. ფორმულა ერთის ქართველი მოყვარულებისთვის უთუოდ საინტერესო იქნება მათი უფრო ახლოს გაცნობა.

ესენია: ესპანური ”კამპოს გრან პრი”, ინგლისური ”მეინორ F1 ტიმ” და ამერიკული ”ტიმ US F1”. სამივე გუნდს განაცხადში უწერია, რომ ისინი თავიანთი ბოლიდებისთვის ინგლისურ კომპანია ”კოსუორტის” ძრავებს გამოიყენებენ. ეს კომპანია კი მართალია დღეს ფორმულა ერთის გარეთაა, თუმცა დიდი პრიზების ცირკში უზარმაზარი გამოცდილება აქვს.

სულ ფედერაციამ 15 ახალი გუნდის განაცხადი განიხილა, რომელთა შორისაც რამდენიმე - ”ლოლა”, ”მარჩი” და ”ლოტუსი” მსოფლიო ჩემპიონატში ადრეც მონაწილეობდა. გადარჩევისას, ფედერაციამ გუნდები რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმით შეაფასა, რომელთა შორისაც ყველაზე მნიშვნელოვანი მატერიალურ-ტექნიკური რესურსი, გამოცდილება და სპეციალური ცოდნა იყო.

საინტერესოა ისიც, რომ მართალია, განაცხადების მიღება დასრულებულია, მაგრამ ფედერაცია კვლავაც აგრძელებს დარჩენილი 12 გუნდის გადარჩევას იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალ სეზონამდე რომელიმე გუნდი განაცხადს (ახალი, ან ძველი) გამოიხმობს.

კამპოს გრან პრი

ეს გუნდი ფ1-ის ყოფილი პილოტის, ესპანელი ადრიან კამპოსის (გამოდიოდა მინარდიში) მიერაა დაარსებული (1998 წელს, მაშინ კამპო რეისინგი ერქვა). ”კამპოსს” სხვადასხვა სარბოლ სერიებში დიდი გამოცდილება აქვს მიღებული. გუნდი GP2 სერიის მოქმედი ჩემპიონია, ევროპულ ფორმულა სამში კი ოთხი ტიტული აქვს მოგებული.

”კამპოს გრან პრის” პარტნიორია მადრიდული კომპანია ”მეტა იმეიჯი”, რომლის საქმიანობის სფეროებია სპორტული ტურნირების ორგანიზება, პარტნიორებისთვის სპონსორების მოზიდვა, მარკეტინგი და საზოგადოებასთან ურთიერთობის ორგანიზება.

გუნდის შტაბ-ბინა მადრიდში მდებარეობს. მთავარ ოფისში განლაგებულია მისი სამარკეტინგო და ადმინისტრაციული განყოფილებები. ტექნიკური ცენტრი კი ვალენსიაში, ავტოდრომ ”რიკარდო ტორმოს” მახლობლად მდებარეობს. ამ ტრასას კი ფორმულა ერთის გუნდები ტესტებისთვის იყენებენ. ამ მომენტისთვის, ”კამპოსის” ტექნიკურ ცენტრში ამზადებენ სხვადასხვა სერიების (ფ3, GP2 და სერია A1GP-ს მექსიკის გუნდის) სარბოლ ტექნიკას.

განაცხადის მიხედვით, ”კამპოს გრან პრის” ტექნიკური პარტნიორები იქნებიან შასის მწარმოებელი იტალიური კომპანია ”დალარა”, ”კოსუორტი” და ტრანსმისიის მწარმოებელი ამერიკული ”Xტრეკი”.

”მეინორ F1 ტიმ”

1990 წელს ეს გუნდი ბრიტანული ფ3-ის ბრიტანელმა ჩემპიონმა ჯონ ბუტმა შექმნა. მას შემდეგ, ”ფორმულა რენოსა” და ფ3-ის ევროპულ სერიებში, გუნდის პილოტებმა 171 რბოლა მოიგეს და 19 საჩემპიონო ტიტული მოიპოვეს.

”მეინორს: ორი ბაზა აქვს - შეფილდსა და ბისტერში. მის ტექნიკურ ცენტრში, სარბოლი ავტომობილების შასის შექმნა, ტესტირება და მოდერნიზაცია მთლიანად ციფრული ტექნოლოგიებით ხორციელდება. გუნდის პარტნიორია ინჟინირინგული კომპანია ”უირტ რისერჩ ლიმიტედი” (WRL), რომელიც 2003 წელს, ფ1-ში სახელმოხვეჭილმა ინჟინერმა ნიკ უირტმა ჩამოაყალიბა. კომპანიის აბგარიშზე არაერთი წარმატებული კონსტრუქციაა - 2004 და 2005 წლებში, მის მიერ მომზადებული შასით, მოგებულ იქნა ინდი რეისინგ ლიგის მსოფლიო სერია (ინდი კარი), ლე მანის ამერიკულ სერიაში კი ასპარეზობს WRL შასიზე ბაზირებული ”აკურას” პროტოტიპი.

ნიკ უირტი ”მეინორის” ტექნიკური დირექტორია. ფ1-ში პირველად ის ”მარჩში” გამოჩნდა, სადაც 1988-1989 წლებში აეროდინამიკის განყოფილებაში მუშაობდა და ბოლიდების მასშტაბური მოდელების კომპონენტების შექმნა ევალებოდა. 1993-1995 წლებში ის იყო ”სიმტეკ F1-ის” მფლობელი და ტექნიკური დირექტორი, 1996-1999 წლებში კი ის ”ბენეტონის” (ახლა ამ გუნდს რენო ჰქვია) ტექნიკური დირექტორი.

ფ1-ის შასის შექმნას ”მეინორი” თავად აპირებს, ძრავებს კი მას ”კოსუორტი” მიაწვდის.

”ტიმ US F1

ეს სრულიად ახალი პროექტია, თუმცა მას ძალიან გამოცდილი ხელმძღვანელობა ეყოლება. და რაც მთავარია, სპონსორებით ახლავე უზრუნველყოფილია.

გუნდის შეფია კენ ანდერსონი, რომელსაც ავტოსპორტის მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. კერძოდ, მის მიერ შექმნილ მანქანებს ინდი კარსა და ჩემპ კარში არაერთი რბოლა აქვთ მოგებული. გარდა ამისა, მას ტექნიკური დირექტორის თანამდებობები ეკავა ფ1-ის გუნდებში - ”ლიჟიესა” და ”ონიქსში”. ის ასევე ულტრათანამედროვე აეროდინამიკურ კომპლექს ”უინდშერის” შექმნაში მონაწილეობდა.

მისი პარტნიორია პიტერ უინძორი, ვისაც ფ1-ში ჟურნალისტის, გუნდის მენეჯერისა და კონსულტანტის რანგში 35 წელი აქვს გატარებული. ოდესღაც ის ”უილიამსში” მენეჯერის მოვალეობას ასრულებდა, ”ფერარიში” შასისა და საკიდარის განყოფილებებში მუშაობდა. გარდა ამისა, იყო კონსულტანტი ისეთი პოპულარული პილოტებისა, როგორებიც არიან უნგლისელი ნაიჯელ მენსელი და არგენტინლი კარლოს როიტემანი.

განაცხადში მითითებულია, რომ ”ტიმ US F1” ”კოსუორტის” ძრავებს მიიღებს. შასის კი, სავარაუდოდ, თავად მოამზადებს.

No comments:

Post a Comment