Saturday, June 6, 2009

”ტოიოტას” გასაჭირი

Toyota

6 ივნისი

შტატ კალიფორნიის გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი რომ გარემოზე ზრუნავს, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მისი თაოსნობით, ახლახანს ამ შტატში ახალი კანონი მიიღეს, რომლის მიხედვითაც, 2012 წლიდან, კალიფორნიაში ყველა კომპანიას, რომელიც 60 000-ზე მეტ ავტომობილს გაჰყიდის, ევალება, რომ რეალიზებული ავტომობილების 3 პროცენტს ნულოვანი გამონაბოლქვი უნდა ჰქონდეს.

თითქოს, ამ კანონს ყველა ავტომწარმოებელი თანაბრად მძიმე დღეში უნდა ჩაეყენებინა, მაგრამ როგორც ირკვევა, განსაკუთრებულ დარტყმას ის კომპანიები მიიღებენ, რომლებიც ყველაზე მეტი რაოდენობის ავტომობილს ჰყიდიან. ასეთები კი ”ტოიოტა”, ”ჰონდა” და ”ფორდი” არიან.

თითქოს, იგივე გასაჭირში ”ჯენერალ მოტორსი” და ”კრაისლერიც” უნდა იყვნენ, მაგრამ ამ შტატში, ისინი იაპონელ კონკურენტებს საგრძნობლად ჩამორჩებიან და ამდენად, შედარებით ნაკლები ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილის გაყიდვა მოუწევთ.

”ტოიოტაში” უკვე გამოიანგარიშეს, რომ კალიფორნიულ გარემოზე ზრუნვა მათ 1 მილიარდი დოლარი დაუჯდებათ. ეს თანხა საჭიროა არამხოლოდ შესაბამისი ავტომობილების მოსამზადებლად, არამედ მათი მომსახურებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურაზე შესაქმნელადაც.

”ტოიოტას” შემთხვევაში, წლიურად კალიფორნიაში გაყიდული ავტომობილების 3 პროცენტი 15 000 ავტომობილია. თუ კომპანია კანონის მოთხოვნას არ შეასრულებს, მაშინ მას კალიფორნიაში ავტომობილების გაყიდვა აეკრძალება. თუმცა, სააგენტო ”ბლუმბერგში” ვარაუდობენ, რომ საქმე სანქციებამდე არ მივა, რადგან თითქმის ყველა ავტომწარმოებელს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა ელექტრომობილების შესაქმნელად და სავარაუდოდ, 2012 წლისთვის მათს საწარმოო პროგრამაში აუცილებლად გამოჩნდება ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილები.

სურათზე: ”ტოიოტას” ამერიკულ ბესტსელერ ”ქამრის” ჰიბრიდული ვერსია კალიფორნიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

No comments:

Post a Comment