Saturday, June 6, 2009

”სატურნს” ”პენსკე” ყიდულობს

Saturn

6 ივნისი

”ჯენერალ მოტორსსა” და ამერიკაში მეორე უმსხვილესი სადილერო ქსელის მქონე ”პენსკე აუტომოტივს” შორის გაფორმდა წინასწარი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, მილიარდერ როჯერ პენსკეს კომპანია გაკოტრებული ავტოგიგანტის ბრენდ ”სატურნს” მესამე კვარტალის ბოლოს გამოისყიდის. ეს გარიგება 350 დილერსა და 13 000 სამუშაო ადგილს გადაარჩენს. ბაზარზე დარჩება ”სატურნიც”, რომელიც აქამდე ”ოპელის” გაამერიკულებულ მოდელებს აწარმოებდა.

ამგვარად, გაკოტრების შემდეგ, ”ჯენერალ მოტორსმა” რამდენიმე დღეში უკვე სამი კომპანია ”გაჰყიდა”. ესენის ”ოპელი”, ”ჰამერი” და ”სატურნი”. ამათგან ”ოპელში” კვლავ შეინარჩუნა 35-პროცენტიანი წილი. ჯერჯერობით, არ გამოვლენილა შვედური ”სააბის” მყიდველი, ”პონტიაკს” კი, როგორც ჩანს, გააჩერებენ და უკეთესი დროისთვის შეინახავენ.

როჯერ პენსკე ”სატურნში” ”კრაისლერის” ყოფილი პრეზიდენტის, ტომ ლასორდას მიწვევას აპირებს. ეს კაცი მას ”სატურნის” გარიგების ორგანიზებაში დაეხმარა და პენსკე თვლის, რომ მას ”სატურნისთვის” დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.

გარიგების დასრულების შემდეგ, ”სატურნი” მთლიანად ”პენსკეს” ხელში გადავა. ამასთან, პირველი ორი წლის განმავლობაში, ”ჯენერალ მოტორსთან” თანამშრომლობა გაგრძელდება, რისი წყალობითაც, აღნიშნულ პერიოდში ”სატურნი” თავისი ძირითადი მოდელების - ჰეჩბეკ ”ასტრას” (იგივე ოპელ ასტრას), სედან ”აურასა” (ოპელ ვექტრას ამერიკული ვერსია) და ქროსოვერების, ”ვიუს” და ”აუტლუკის” წარმოებას შესძლებს.

როჯერ პენსკე ამბობს, რომ მომავალში ”სატურნის” სპეციალიზაცია ეკონომიური ავტომობილების გამოშვება იქნება. ის თავის გეგმებს ჯერ არ აკონკრეტებს, თუმცა არ მალავს, რომ თავის სადილერო ქსელში ”რენო სამსუნგ მოტორსის” მიერ სამხრეთ კორეაში წარმოებული ავტომობილების აშშ-ში იმპირტირება სურს. ”სატურნს” მემკვიდრეობით დარჩება თავისი ახლანდელი შტაბ-ბინა, რომელიც შტატ ტენესის ქალაქ სპრინგ ჰილში მდებარეობს.

პენსკე არაფერს ამბიბს იმაზე, თუ რა დაუჯდება ”სატურნის” შეძენა. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ გარიგების საბოლოოდ გასაფორმებლად, მხარეებს ორი თვე აქვთ. სააგენტო ”ბლუმბერგის” ექსპერტთა შეფასებით, ”პენსკეს” ”სატურნის” შეძენა 100-200 მილიონი დოლარი დაუჯდება.

ცნობისათვის, ”პენსკე აუტომოტივი” არის ”დაიმლერის” პარტნიორი და გერმანული გიგანტის ჯუჯა ავტომობილ ”სმარტის” ავტორიზებული დისტრიბუტორი აშშ-ის ბაზარზე.

No comments:

Post a Comment