”ბეემვეს” გზა ფორმულა 1-ში
BMW to quit F1
29 ივლისი
”ბეემვეს” გადაწყვეტილებამ, დატოვოს დიდი პრიზების არენა, ფორმულა 1 შეძრა. მსოფლიო ჩემპიონატი ოდენ ოთხი ავტომწარმოებლის (ფერარი, მერსედესი, რენო და ტოიოტა) ამარა დარჩა და ეკონომიკური კრიზისის გამო, გამორიცხული არაა, რომ მათგან რომელიმემ თავისი ფ1-ის პროგრამის შეჩერება გადაწყვიტოს.
თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ფორმულა 1 გუნდების გარეშე მაინც არ დარჩება - ახალი სეზონიდან მის რიგებს სამი ახალი საჯინიბო შეავსებს, ”ბეემვეს” ადგილს კი ალბათ რომელიმე სხვა გუნდი (სავარაუდოდ, ზაუბერი) დაიკავებს, რომელიც ბავარიული კომპანიისგან ამ გუნდს ბოლომდე გამოისყიდის.
ბავარიული კომპანიის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება გუშინ მიიღო, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ფორმულა 1-ის გუნდები და საერთაშორისო საავტომობილო ფედეაცია თანხმობის ახალ ხელშეკრულებას გააფორმებდნენ. ამ ხელშეკრულების შესაბამისად, ავტომწარმოებლები ფ1-ში 2012 წლამდე დარჩენის ვალდებულებას იღებენ.
ამგვარად, ”ბეემვე” ფ1-ს ტიტულის გარეშე დატოვებს. 2005 წლის შემდეგ, რაც შვეიცარიული ”ზაუბერი” გამოისყიდა, ბავარიული გუნდი ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან ყველაზე ახლოს შარშან იდგა, როცა შუა სეზონში პოლონელი რობერტ კუბიცა მოწინავეთა შორის იმყოფებოდა. მანვე კანადაში გუნდს ერთადერთი გამარჯვება მოუპოვა. სამაგიეროდ, ამ სეზონში ჩატარებულ 10 ეტაპზე, გუნდს ჯერ მხოლოდ 8 ქულა აქვს აღებული.
”ბეემვე” თავის ძრავებს სხვა გუნდებს არ აწვდის და კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრ კლაუს დრეგერის განცხადებით, ამას არც მომავალში გააკეთებს. მისი თქმით, კომპანია ამ ეტაპზე თავისი გუნდის მომავლის რამდენიმე ვარიანტს ამზადებს და მათგან საუკეთესოს აირჩევს, რის შესახებაც, გუნდის თანამშრომლებს მოგვიანებით ეცნობებათ. არაა გამორიცხული, რომ ბავარიელებმა აწ უკვე შვეიცარული გუნდის ტექნოლოგიური მხარდაჭერა გააგრძელონ.
”ბეემვეს” მოკლე ისტორია ფ1-ში
1982 წელს ”ბეემვე” გუნდ ”ბრებჰემისთვის” ძრავების მიმწოდებელი გახდა. პირველ რბოლაში, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა, ბრაზილიელმა ნელსონ პიკემ სტარტი წინა რიგიდან აიღო, მაგრამ ფინიშს ვერ მიაღწია.
1983 წელს პიკემ ”ბეემვეს” ძრავით პირველი გამარჯვება მოიპოვა, იმავე სეზონში კი ჩემპიონი გახდა.
1987 წელს, ტურბო ერას დასრულებისთანავე, ”ბეემვემ” ფორმულა 1 დატოვა.
2000 წელს ბავარიული კომპანია დიდი პრიზების ცირკს ისევ ძრავების მიმწოდებლის სტატუსით დაუბრუნდა. ამჯერად მისი პარტნიორი ყოფილი ჩემპიონი ”უილიამსი” გახდა, რომელთან ერთადაც, 2001 წელს პირველი გამარჯვება იზეიმა, მომდევნო ორ სეზონში გუნდი ვიცე ჩემპიონი გახდა. 2002 წელს, პირად ჩათვლაში, კოლუმბიელმა ხუან პაბლო მონტოიამ მესამე ადგილი დაიკავა, ერთი წლის შემდეგ კი ვიცე ჩემპიონი გახდა. პარტნიორობის 6 სეზონის განმავლობაში, ”ულიამსმა” და ”ბეემვემ” 10 გამარჯვება და 17 პოული მოიპოვეს.
2005 წელს ბავარიულმა კომპანიამ შვეიცარული გუნდი ”ზაუბერი” შეიძინა და მის ბაზაზე საკუთარი საჯინიბო ჩამოაყალიბა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა მომდევნო სეზონიდან დაიწყო. შარშან ”ბეემვე ზაუბერის” მანქანით, რობერტ კუბიცამ კანადის დიდ პრიზზე გამარჯვება მოიპოვა.
2007 წელს, მას შემდეგ, რაც ”მაკლარენი” დისკვალიფიკაციით დაისაჯა, ”ბეემვე ზაუბერმა” კონსტრუქტრთა პირველობა მეორე ადგილზე დაასრულა.
ამ სეზონში ჩატარებულ 10 რბოლაში, ”ბეემვე ზაუბერმა” მხოლოდ 8 ქულა დააგროვა და 10 გუნდს შორის მე-8 ადგილზე იმყოფება.
No comments:
Post a Comment