Wednesday, July 29, 2009

მოკლედ...

29 ივლისი

***

”როლს როისში” მიაჩნიათ, რომ ინდოეთს ავტოინდუსტრიაში უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია და რომ, მალე ეს ქვეყანა მათთვის მთავარი ბაზარი გახდება. უფრო მეტიც, ”ეკონომიკ ტაიმსის” ინფორმაციით, ინგლისური კომპანია, რომელიც ”ბეემვეს” ჯგუფში შედის, მალე ბავარიული კომპანიის მიმწოდებელთა ქსელის გამოყენებას დაიწყებს, რითაც საკუთარი ავტომობილების თვითღირებულებას შეამცირებს.

”როლს როისის” მთავარი აღმასრულებელი ტომ პარვსი ამბობს, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი, ინდური და ჩინური ავტობაზრები ზრდას განაგრძობენ და ეს ზრდა კრიზისის დასრულების შემდეგ უფრო შესამჩნევი გახდება.

მალე ”როლსი” ბაზარზე თავის ახალ ავტომობილ ”გოუსტს” გამოუშვებს, რომელიც გაყიდვების გასამმაგებას განაპირობებს. ”ჩვენი სეგმენტის თავისებურება ისაა, რომ მდიდრები კრიზისის დროსაც მდიდრებად რჩებიან. ისინი არც სამუშაოს კარგავენ და არც ხელფასს და ისევე აგრძელებენ ძვირფასი ავტომობილების ყიდვას, როგორც კრიზისამდე”, - ამბობს ”როლს როისის” გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორი გრემ გრივი.

შარშან ”როლს როისმა” 1 212 ავტომობილი გაჰყიდა და ეს ბოლო 18 წლის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენბელია.

***

”ფოლკსვაგენი” ”პორშეს” აქციების სრულად გამოსყიდვას ორ წელიწადში გეგმავს, მისი აქციების ნახევარს კი წელსვე შეიძენს. ამისთვის საჭირო თანხას ვოლფსბურგული გიგანტი საკუთარი კაპიტალის 4 მილირდი ევროთი გაზრდით მოიზიდავს. შესაბამისად, ამ თანხის მისაღებად, საფონდო ბირჟაზე დამატებით აქციებს გამოიტანს.

ექსპერთა შეფასებით, ”პორშეს” სრულად დაუფლება ”ფოლკსვაგენს” 8 მილიარდი ევრო დაუჯდება. ამჟამად ვოლფსბურგელთა ანგარიშზე 11 მილიარდი ევრო ირიცხება. თავის მხრივ, ”პორშეს” დავალიანებათა საერთო მოცულობა 10 მილიარდ ევროს აღწევს.

ამ დავალიანების ნაწილობრივ დასაფარად, ”პორშეც” ბირჟაზე დამატებითი აქციების გამოტანას აპირებს, რომელთა ღირებულება 5 მილიარდ ევროს აღწევს. ამასთან, შტუტგარტელები ”ფოლკსვაგენის” მათი კუთვნილი აქციების ნაწილის (კომპანიის აქციების 17 პროცენტის) ყატარელი ინვესტორებისთვის მიყიდვასაც აპირებენ.

”ფოლკსვაგენის” და ”პორშეს” გაერთიანებას ერთი კვირის წინ მხარი ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭოებმა დაუჭირეს. საბოლოო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ”პორშე” ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შემავალი მეცხრე კომპანია გახდება.

***

ჟურნალ ”აუტოქარის” ცნობით, ფრანკფურტის ავტო შოუზე იაპონური ”ლექსუსი” ახალი, კომპაქტური ავტომობილის პრემიერას გეგმავს, რომელიც გლობალური ბაზრისთვისაა განკუთვნილი.

”ლექსუსის” ახალი ავტომობილი, რომელსაც CS-ს უწოდებენ, ”ბეემვეს” 1-ლი სერიის, ”მერსედესის” A და B კლასის, ასევე ”აუდს” A3 და A1-ს გაუწევს კონკურენციას. არსებობს იმის ვარაუდიც, რომ ეს ავტომობილი მხოლოდ ჰიბრიდული აგრეგატებით აღიჭურვება.

”ლექსუს CS” იმ 2.4-ლიტრიან, 4-ცილინდრიან ბენზინის ძრავზე ბაზიებულ ჰიბრიდულ აგრეგატს მიიღებს, რომელიც ”ლექსუს HS 250h-ზე” გამოიყენება, თუმცა ეს ორი ავტომობილი სხვადასხვა პლატფორმაზეა ბაზირებული.

”ლექსუს CS” ამერიკაში ალბათ არ გაიყიდება, ევროპულ ბაზარზე კი ის მერმის გამოჩნდება.

No comments:

Post a Comment