”შევროლე ეჯაილი” დებიუტისთვის ემზადება
Chevrolet Agile
29 ივლისი
”ჯენერალ მოტორსმა” თავისი სრულიად ახალი ჰეჩბეკის, ”შევროლე ეჯაილის” ესკიზები გამოაქვეყნა. ავტომობილი, რომლის წარმოებაც ამ წლის ბოლოს არგენტინაში დაიწყება, ბრაზილიაში, ”ჯენერალ მოტორსის” დიზაინ ცენტრ ”მერკოსურშია” შექმნილი.
ამერიკული კომპანიის დიზაინის დირექტორ კარლოს ბარბას თქმით, ”ეჯაილი” (ცოცხალი, მოძრავი, მარჯვე) ”მომთხოვნი კლიენტისთვის განკუთვნილი ჰეჩბეკია, რომელიც შესანიშნავი გარეგნობით, ფართო ინტერიერითა და მრავალმხრივობით გამოირჩევა და რომელსაც მოსახლეობის სრულიად განსხვავებული კატეგორიების დაკმაყოფილება შეუძლია”.
”ჯენერალ მოტორსის” განცხადბით, ”ეჯაილის” ინტერიერიც და ექსტერიერიც ”შევროლეს” ახალ სტილშია შესრულებული. მასში მძღოლის სავარძელი ჩვეულებრივზე ოდნავ მაღალ პოზიციაზეა განლაგებული, რითაც ქროსოვერის შთაბეჭდილება იქმნება.
”ეჯაილი” კომპანიის პლატფორმა ”გამა II-ზეა” ბაზირებული, რომელსაც წამყვანი წინა ბორბლები აქვს. ბორბლებს შორის ბაზა 2.48 მეტრს აღწევს, მასზე კი, წარმოების დასაწყისში, მხოლოდ ორი ბენზინის ძრავი დაიდგმება - 1.4-ლიტროანი 105 ცხენის ძალით და 1.8-ლიტრიანი 129 ცხენის ძალით.
ახალი ავტომობილის წარმოებისთვის არგენტინის ქალაქ როსარიოში მდებარე ქარხანაც ემზადება. ”ჯენერალ მოტორსის” არგენტინული შტოს დირექტორ მიგელ გარსიას თქმით, ქარხანაში უკვე დამონტაჟებულია რობოტები, რომელთა მომავალ ოპერატორებსაც სპეციალური კურსები უტარდებათ.
ჯერჯერობით, ამერიკული კომპანია ”ეჯაილის” შესახებ ამაზე მეტ ინფორმაციას არ ავრცელებს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი გაყიდვები წლის ბოლოს სამხრეთ ამერიკაში დაიწყება. გავა თუ არა ის სხვა ბაზრებზე, ჯერჯერობით უცნობია.
No comments:
Post a Comment