”შევროლე კრუზი” საქართველოს მალე ეწვევა
Chevrolet Cruze
24 ივლისი
ავტომობილი, რომელიც ევროპის და მსოფლიოს წლის საუკეთესოს წოდებაზეა ნომინირებული, მალე საქართველოში ჩამოვა. ”შევროლე კრუზი” არის პირველი ავტომობილი, რომელიც ”ჯენერალ მოტორსმა” ამ მარკით გლობალური ბაზრისთვის მოამზადა.
იმ დროს, როდესაც საკუთარ, ამერიკულ ბაზარზე ”ჯენერალ მოტორსის” გაყიდვები არნახული ტემპით ეცემა, უცხოეთში, განსაკუთრებით კი ჩინეთში, კომპანიის ბიზნესი აღმავლობას განიცდის. მის სამოდელო გამაში ”შევროლე კრუზის” გამოჩენამ კი ეს დადებითი ტენდენცია კიდევ უფრო უნდა გაამყაროს. დაკიდევ, თუ ადრე ”გენერლებისთვის” პრიორიტეტული შიდა, ამერიკული ბაზარი იყო, ახლა აქცენტი გლობალიზაციაზე კეთდება. და, რაც მთავარია, იცვლება კომპანიის იმიჯი - ამიერიდან, მისი სახელი ეკონომიური და გარემოსადმი მეგობრული ავტომობილების მწარმოებელთან უნდა ასოცირდებოდეს. ამის მიღწევაში კი ”შევროლე კრუზს” განსაკუთრებული მისია აკისრია.
მართალია, ”შევროლე კრუზი” კორეული ”დეუ ლასეტის” შთამომავალია და კორეულ ქარხანაში მზადდება, მაგრამ ის ”ჯენერალ მოტორსის” ევროპელი, კორეელი და ამერიკელი ინჟინრების მიერაა შექმნილი (ამაზეც ეტყობა გლობალურობა) და ბაზირებულია უახლეს პლატფორმა ”დელტა II-ზე”, რომლსაც ”გენერლები” ასევე იყენებენ თავიანთ მეექვსე თაობის ”ოპელ ასტრასა” (ამის მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის ავტო შოუზე გაიმართება) და ჰიბრიდულ ”შევროლე ვოლტზე”, რომელიც ბაზარზე მერმის უნდა გამოჩნდეს.
ცნობისათვის, პირველად ”შევროლე კრუზი” სამხრეთ კორეის ბაზარზე, შარშან გამოჩნდა და იქ ის ”დეუ ლასეტი პრემიერის” სახელით იყიდება. ამ წლის თებერვალში ავტომობილი ევროპასა და ავსტრალიას ეწვია. ოზეთში ის ”ჰოლდენის” მარკით იყიდება. ”შევროლე კრუზის” აზიური გაყიდვები აპრილში ჩინეთმა გახსნა, სადაც პირველივე დღეებში თითქმის 4 000 ავტომობილი გაიყიდა.
”ჯენერალ მოტორსის” ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, კომპანია ”აუტოჰაუზი” გვატყობინებს, რომ ”შევროლე კრუზი” მის შოურუმში აგვისტოს დასაწყისში გამოჩნდება. ავტომობილის სასტარტო ღირებულება 19 500 დოლარი იქნება.
No comments:
Post a Comment