Thursday, July 23, 2009

”ოპელის” გაყიდვა ჭიანურდება

Opel

23 ივლისი

ცოტა ხნის წინ, ”ჯენერალ მოტორსი” აცხადებდა, რომ ”ოპელის” მყიდველს ამ თვის ბოლომდე აარჩევდა, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მყიდველის შერჩევის პროცესი გაჭიანურდება. ყოველ შემთხვევაში, გუშინ ცნობილი გახდა, რომ გერმანული კომპანიის ყიდვის მსურველთა შორის, ”ჯენრალ მოტორსსა” და გერმანიის მთავრობას, შორის შეთანხმება ჯერჯერობით არ ხერხდება.

სამაგიეროდ, როგორც ჩანს, მარათონს ერთი მოთამაშე მინც გამოაკლდა - როიტერის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ”გენერლები” მოლაპარაკებას ”ოპელის” შეძენის ორ მსურველთან - კანადურ ”მაგნა ინტერნეიშნლთან” და ბელგიურ საინვესტიციო ჯგუფ ”RHJ ინტერნეიშნლთან” აგრძელებენ. ჩინური ”ბეიძინ აუტოზე” ცნობაში არაფერია ნათქვამი, რაც იმის ნიშანია, რომ ის თამაშგარეშეა დარჩენილი.

მყიდველის არჩევის გაჭიანურების მიზეზი ისაა, რომ ამერიკული კომპანია უპირატესობას ბელგიურ ფონდს ანიჭებს, რომელიც როგორც ჩანს, თანახმაა ”ჯენერალ მოტორსის” მთავარ პირობაზე - მასვე მიჰყიდოს ”ოპელის” აქციები, როდესაც გერმანული კომპანია კრიზისს თავს დააღწევს და მომგებიან საქმიანობაზე გადავა.

სამაგიეროდ, ”მაგნას” და მის რუს პარტნიორ ”სბერბანკს” გერმანიის მთავრობა და მისი კანცლერი ანგელა მერკელი ემხრობა (როგორ გახშირდა გერმანიის მთავრობების მაღალჩინოსანთა და რუსულ გიგანტ კომპანიებს შორის სიმპათიები და რა გადამდები ყოფილა შრიოდერის მაგალითი). სხვათა შორის, ”მაგნამ” თავისი განაცხადის პირობა ოდნავ შეცვალა იმ პუნქტში, რომელიც ”ოპელის” აქციების პაკეტების გადანაწილებას ეხება. კერძოდ, ახალი განაცხადი ისევ ითვალისწინებს, რომ ”მაგნასა” და ”სბერბანკს” ”ოპელის” 55 პროცენტი ერგებათ, ”ჯენერალ მოტორსს” 35 პროცენტი დარჩება, 10 პროცენტს კი ”ოპელის” თანამშრომელთა პროფკავშირული გაერთიანება მიიღებს. აქ სიახლე ისაა, რომ ”მაგნა” და ”სბერბანკი” მათ კუთვნილ 55 პროცენტს თანაბრად გადაინაწილებენ, რის შემდეგაც მათ 27.5-27.5 პროცენტი ერგებათ. ადრინდელი განაცხადით კი საავტომობილ მაკომპლექტებლების კანადური გიგანტი თავისთვის ”ოპელის” 20 პროცენტს იტოვებდა, თავის რუს პარტნიორს კი, რომელიც გარიგების ფინანსურ უზრუნველყოფას კისრულობს, 35 პროცენტს აძლევდა. ამგვარად, ”ჯენერალ მოტორსი” და ”სბერბანკი” თანაბარი მოწილეები ხდებოდნენ, რაც ამერიკულ კომპანიას ძალაინ არ მოსწონდა.

უცნობია, რა ტიპის გარიგებას სთავაზობს ამერიკულ კომპანიას ბელგიური ფონდი. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ”ბეიძინ აუტო” ”ოპელის” 51 პროცენტის ყიდვას გეგმავს. ამასთან, გერმანიის მთავრობისგან, სესხის სახით, 3 მილიარდ ევროსაც ითხოვს (ფაქტობრივად, ”ოპელის” ამ სესხით ყიდვას აპირებს). ამ შემთხვევაში, ”გენერლებს” გერმანულ კომპანიაში 49-პროცენტიანი წილი რჩებათ.

No comments:

Post a Comment