Sunday, August 9, 2009

განახლებული ”პორშე 911 ტურბო”

Porsche 911 Turbo

9 აგვისტო

გარდა იმისა, რომ თავის სამოდელო გამას ახალი ავტომობილებით ავსებს, ”პორშე” არც არსებულ მოდელებს ივიწყებს და მყიდველს მათს განახლებულ ვერსიებს უმზადებს. ასე მოხდა შარშან, როცა გერმანულმა კომპანიამ ”911 კარერა” და ”კარერა 4” განაახლა. წელს კი ”პორშემ” თავის პოპულარულ ”911 ტურბოს” ჩაუტარა მოდერნიზაცია და მყიდველს მას მერმის შესთავაზებს.

ტრადციულად, შტუტგარტელებს ამ ავტომობილის გარეგნობაში მინიმალური ცვლილებები შეაქვთ (რისთვისაც მათ ხშირად აკრიტიკებენ). სამაგიეროდ, მნიშვნელოვანი მოდიფიკაცია უტარდება აგრეგატებს და სხვადასხვა კვანძებს, დაახლოებით ისეთი, როგორსაც სატუნინგო კომპანიები უტარებენ ხოლმე.

კომპანიის ინჟინრებმა ძრავის მუშა მოცულობა 3.8 ლიტრამდე (3.6 ლ-დან) გაზარდეს, რის შედეგადაც, მისი მაქსიმალური სიმძლავრე 20 ცხენის ძალით, 500 ცხენის ძალამდე გაიზარა. ამგვარად, GT2-ის სიმძლავრემდე მას 30 ცხენის ძალა დააკლდა. სამაგიეროდ, 15-ით უფრო ძლიერია, ვიდრე მისი მთავარი კონკურენტი - ”ნისანის” GT-R, რომელმაც შტუტგარტელთა სრულამძრავიან ფლაგმანს ნურბურგრინგის წრის რეკორდი ჩამოართვა.

ამ აგრეგატით, რომელთანაც ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით, 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული, განახლებული ”911 ტურბო” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 3.2 წამში ასწრებს და ამგვარად, ის ”პორშეს” ისტორიაში ყველაზე დინამიკური სრულამძრავიანი ავტომობილია. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 312 კმ/სთ-ია, წინამორბედზე მხოლოდ 2 კმ/სთ-ით მეტი.

სიმძლავრის და დინამიკური მახასიათებლების გაუმჯობესების გარდა, ავტომობილი უფრო ეკონომიურიც გახდა - შერეული ციკლით მოძრაობისას, 100 კილომეტრის გასავლელად, ის სულ რაღაც 11.4 ლიტრ ბენზინს წვავს. წინა ”911 ტურბოს” ეს მაჩვენებელი 1.4 ლიტრით უარესი აქვს.

ძრავის გარდა, ავტომობილს სტაბილიზაციის სიატემა და სრულმოდებიანი ტრანსმისიაც შეეცვალა. ამ უკანასკნელზე, მაბრუნი მომენტის ღერძებს შორის განაწილებას ელექტრონიკა აკონტროლებს.

განახლებული ”911 ტურბო” საზოგადოების წინაშე პირველად ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარსდგება, მისი გაყიდვები კი წლის ბოლოს დაიწყება. გერმანიაში მისი კუპე და კაბრიოლეტი ვერსიების საბაზო ღირებულება შესაბამისად, 145 871 და 157 057 ევრო იქნება.

No comments:

Post a Comment