Tuesday, August 18, 2009

”პეჟო RC-Z” ფრანკფურტამდე გაგვეცნო

Peugeot RC-Z

18 აგვისტო



”პეჟომ” წარმოებისთვის სპორტული კუპე RC-Z მოამზადა, რომლის შესახებაც, ინფორმაცია ფრანკფურტის მოტორ შოუს დაწყებამდე ერთი თვით ადრე გამოაქვეყნა.

ავტომობილი, რომელიც პოპულარულ ჰეჩბეკ 308-ს ბაზაზეა დამზადებული, ორი წლის წინ, ფრანკფურტში ნაჩვენები კონცეპტუალური მოდელის სერიული ვერსიაა. მას 308-ზე განიერი კვალი აქვს. მისი კლირენსი 20 მილიმეტრით დაბალია, სიმძიმის ცენტრი კი 40 მილიმეტრით დაბლა მდებარეობს.

ავტომობილში ჩასაჯდომი ფორმულაა 2+2 და გარეგნულად ის თითქმის არ განსხვავდება ორი წლის წინანდელი კონცეპტუალური RC-Z-გან. ასე განსაჯეთ, ფრანგულმა კომპანიამ პრაქტიკულად ხელუხლებლად დატოვა კონცეპტუალური მოდელის პანორამული სახურავი, რომელსაც რთული ფორმა აქვს და რომლის წარმოებაც ტექნოლოგიურ სირთულეებთან დაკავშირებული. ისევე როგორც კონცეპტუალურ მოდელზე, სალონი მკვეთრად წინ წაწეული, საბორბლე თაღები კი ძლიერ გამობერილია, რაც ავტომობილის აგრესიულ ხასიათზე მიგვანიშნებს.

”პეჟო RCZ-ის” ტოპ ვერსია აღჭურვილია 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავით, რომელიც 200 ცხენის ძალას ავითარებს. ძრავთან კი 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული. ამ აგრეგატით, ავტომობილის 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარება 7.6 წამში ხდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 225 კმ/სთ-ს აღწევს. ამ ძრავით აღჭურვილ RCZ-ს 100 კილომეტრის შერეული ციკლით გასავლელად, 7.1 ლიტრი ბენზინი სჭირდება, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროში 165 გრამ CO2-ს გამოჰყოფს.

გარდა ამისა, ”ფრანგული ლომების” ახალი სპორტული ავტომობილისთვის 1.6-ლიტრიანი, ასევე ტურბო და 2.0-ლიტრიანი ტურბო დიზელია განკუთვნილი. პირველის სიმძლავრე 156 (საწვავის ხარჯი 6.9 ლ/100 კმ-ზე), მეორისა კი 163 ცხენის ძალას (საწვავის ხარჯი 5.4 ლ/100 კმ-ზე, გამონაბოლქვი 139 გ CO2 ყოველ კილომეტრზე) აღწევს. ორივე ძრავს 6-საფეხურიანი მექანიკური, ან ავტომატური კოლოფი უკავშირდება.

ჯერჯერობით არ გამოცხადებულა ”პეჟო RCZ-ის” ფასი, სამაგიეროდ ცნობილია, რომ მის წარმოებას კანადურ-ავსტრიული კომპანია ”მაგნა შტეირი” თავის ავსტრიულ ქარხანაში მერმის დაიწყებს.

No comments:

Post a Comment