Friday, August 14, 2009

ჩინური ”ჰაიმა ავტო” ჰიბრიდებს და ელექტრომობილებს გამოუშვებს

Haima Auto

14 აგვისტო

ჩინური ავტომწარმოებელი ”ჰაიმა ავტო”, რომელიც ჩინურ ავტო კომპანიებს შორის უდიდსის - FAW-ის ნაწილია, წარმოებისთვის ორ ახალ ავტომობილს - ჰიბრიდულსა და ელექტრომობილს ამზადებს, რომელთა ბაზარზე გამოჩენაც 2011 წელსაა მოსალოდნელი.

ამ ორი ავტომობილის შესაქმნელად, ”ჰაიმას” ინჟინრები უკვე ოთხი წელია მუშაობენ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, რომელთაგან ყველაზე სერიოზული გლობალური ეკონომიკური კრიზისია, პროექტები გაჭიანურდა. თუმცა, ამ ეტაპზე, ორივე ავტომობილი, რომელთა სახელები ჯერ არ გამოქვეყნებულა, ეროვნულ ლაბორატორიებში უკვე გადის ინტენსიურ ტესტირებას.

სხვათა შორის, შანჰაის წლევანდელ ავტო შოუზე, ”ჰაიმამ” კონცეპტუალური ელექტრომობილი Me (სურათზე) წარადგინა, რომელიც აკუმულატორების ერთი სრული დამუხტვით 190 კილომეტრს გადის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 120 კმ/სთ-ს აღწევს. დაკიდევ, თუ აკუმულატორი სრულადაა განმუხტული, ენერგიით მისი სრულად შევსებისთვის მხოლოდ ოთხი საათია საჭირო. ჩინური პრესის ინფორმაციით, კონცეპტუალურ Me-ზე გამოყენებულ ტექნოლოგიებს ”ჰაიმა” თავის ჰიბრიდსა და ელექტრომობილზეც იყენებს.

ბოლო წლებში, ჩინური ავტოკომპანიები სულ უფრო ხშირად იპყრობენ საერთაშორისო მედიის ყურადღებას. ჯერ ერთი, ამის მიზეზი ისაა, რომ ისინი მყიდველს სულ უფრო მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ავტომობილებს სთავაზობენ. მეორეც, მათმა ქვეყანამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს ყველაზე ნაკლებად იზარალა და ამის შედეგად, ცისქვეშეთში ახალი ავტომობილების გაყიდვები კრიზისის დროსაც მაღალი ტემპით იზრდება.

ამ ეტაპზე, ჩინური კომპანიებიდან ყველაზე მეტად ”ჯილი” (Geely) აქტიურობს, რომელიც მერმის, ავსტრიულ სადიერო კომპანია ”დენზელთან” ერთად, თავისი ავტომობილების ევროპაში გაყიდვებს დაიწყებს. პარალელურად, ”ჯილი” ინტენსიურად ცდილობს შვედურ კომპანია ”ვოლვოს” შეძენას.

No comments:

Post a Comment