Sunday, August 16, 2009

ყველაზე მძლავრი ჰიბრიდები მსოფლიოში

BMW Hybrids

16 აგვისტო

როდესაც ავტომწარმოებელი ჰიბრიდულ ავტომობილს ქმნის, მისი მიზანი საწვავის ხარჯის შემცირებაა. მაგრამ არსებობს სხვა მიდგომაც, რომლითაც უფრო პრემიუმ სეგმენტის მწარმოებლები ხელმძღვანელობენ. ამ შემთხვევაში, მიზანი ავტომობილის ძალური დანადგარის ეფექტურობის გაუმჯობესებაა.

ამ მიდგომით ხელმძღვანელობს ”ბეემვე”, რომელმაც ორიოდე დღის წინ, თავისი ორი უახლესი ჰიბრიდული მოდელის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ორივე ავტომობილი ჰიბრიდულ სისტემა ”ექტივჰიბრიდითაა” აღჭურვილი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის, ორივე ყველაზე მძლავრია მათ შორის, რომლებიც ჰიბრიდომობილების ბაზარზე იყიდება.

ეს ავტომობილებია მე-7 სერიის სედანი და უგზოობის X6, რომელთა ოფიციალური პრემიერა სექტემბერში, ფრანკფურტის ავტო შოუზე გაიმართება. გარდა იმისა, რომ ეს ორი ავტომობილი თავისი სიმძლავრით გვაოცებს, ისინი შესაბამის ბენზინისძრავიან ვერსიებზე 15-20 პროცენტით ეკონომიურებიცაა.

”ბეემვე X6 ექტივჰიბრიდის” ჰიბრიდული დანადგარის სრული მაქსიმალური სიმძლავრე 480 ცხენის ძალას, მაბრუნი მომენტი კი 778 ნიუტონმეტრს აღწევს. ჰიბრიდული სისტემის ძირითადი ნაწილია 4.4-ლიტრიანი V8 ბენზინის ძრავი, რომელსაც ორი ტურბოდამჭირხნი ემსახურება. მასთან 7-საფეხურიანი, ავტომატური გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული. ჰიბრიდულ სისტემაში ასევე ორი ელექტროძრავიც შედის, რომელთა სიმძლავრე 91 და 86 ცხენის ძალაა. ეს ძრავები შიდაწვისას აჩქარების დროს ეხმარებიან, შენელებისა და დამუხრუჭებისას კი ისინი გენერატორის მოვალეობას ასრულებენ და ენერგიას ნიკელ-მეტალოჰიდრიდულ აკუმულატორებში აგროვებენ.

ბავარიელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ”ბეემვე X6 ექტივჰიბრიდს” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 5.4 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი ელექტრონიკის მეშვეობით, 208 კმ/სთ-ითაა შეზღუდული. თუ მოხდა ისე, რომ ავტომობილის საწვავის ავზი დაცარიელდა, მხოლოდ ელექტროძრავებით ის 2.5 კილომეტრს გაგატარებთ, ამ დროს კი მისი მაქსიმალური სიჩქარე 60 კმ/სთ იქნება.

რაც შეეხება საწვავის ხარჯს, ზუსტი მონაცემი ჯერ არ გამოქვეყნებულა. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით კი, 100 კილომეტრის გასავლელად, ”X6 ექტივჰიბრიდს” დაახლოებით 10 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, ეს კი თითქმის 20 პროცენტით ნაკლებია ბენზინისძრავიანი X6-ის ხარჯზე. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰიბრიდული ვარიანტი ჩვეულებრივზე 181 კილოგრამით მძიმეა.

ოდნავ სუსტია ”ბეემვე ექტივჰიბრიდ 7-ის” ჰიბრიდული დანადგარი, რომლის ძირითადი ნაწილი იგივე ორტურბინიანი 4.4-ლიტრიანი V8 ძრავია, რომელიც ამჯერად 440 ცხენის ძალას იძლევა. მასთან უნისონში კი 8-საფეხურიანი ავტომატი და სულ რაღაც 20-ცხენისძალიანი ელექტროძრავი მუშაობს. სისტემის ჯამური მაქსიმალური სიმძლავრე 455 ცხენის ძალას აღწევს. ”ბეემვე ექტივჰიბრიდ 7-ის” მაქსიმალური სიჩქარე 24 კმ/სთ-ია, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს კი ის 4.8 წამში ავითარებს.

ბავარიული კომპანია ამ ავტომობილებს პირველ რიგში, აშშ-ის ბაზარზე შეიტანს. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, დაგეგმილია თუ არა მათი სხვა ბაზრებზე გაყიდვა.

No comments:

Post a Comment