Tuesday, August 25, 2009

”ჰიუნდაის” ახალი ”ტუსანი”

Hyundai Tucson ix

25 აგვისტო

კორეულმა კომპანია ”ჰიუნდაიმ” გუშინ თავისი პოპულარული უგზოობის მოდელის, ”ტუსანის” მეორე თაობის ავტომობილს საიდუმლოების საბურველი ჩამოხადა. მართალია, ახალი ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის ავტო გამოფენაზე იგეგმება, მაგრამ ბოლო წლების ტრადიციის შესაბამისად, კორეელებმაც თავიანთი სიახლის შესახებ მწირი ინფორმაცია წინდაწინ გამოაქვეყნეს.

”ჰიუნდაის” ხელმძღვანელობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი ”ტუსან ix” (ამ სახელით ის კორეულ და ალბათ ამერიკულ ბაზრებზე გაიყიდება, ევროპაში კი სახელი შეეცვლება და ix35-ად გაგვეცნობა) უგზოობის კომპაქტური ავტომობილების ბაზარზე ახალ ტრენდს ჩამოაყალიბებს, რომლის გაყოლასაც ახლო მომავალში ყველა კონკურენტი ეცდება.

ახალი ”ტუსანი” 2.0-ლიტრიანი დიზელის და ასეთივე ლიტრაჟის ბენზინის ძრავებითაა აღჭურვილი. პირველის მაქსიმალური სიმძლავრე 184, მეორისა კი 166 ცხენის ძალაა. ორივე აგრეგატის შემთხვევაში, მათ მიერ გამომუშავებულ მაბრუნ მომენტს ახალი, 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი გადაამუშავებს. დიზელისძრავიანი ვერსია როგორც სრულამძრავიანი, ასევე მხოლოდ წინა წამყვანბორბლიანი ტრანსმისიებით აღიჭურვება, ბენზინისძრავიანისთვის კი მხოლოდ წინა წამყვანბორბლიანი ტრანსმისიაა განკუთვნილი.

ახალი ”ტუსანი” აღიჭურვება დამხმარე სისტემებით, როგორებიცაა ”დინამიურობის კონტროლი”, დაღმართზე მოძრაობის კონტროლი. აღმართზე ასვლისას დამხმარე სისტემა, საგანგებო გაჩერების სიგნალი, სტაბილიზაციის სრულიად ახალი სისტემა, რომელიც ავტომობილს გადაბრუნებისგან იცავს და სხვა.

კორეაში ახალი ”ტუსანი” უკვე იყიდება. დიზელისძრავიანი მოდელების ფასი იქ 21 მილიონი ვონიდან (16 840 დოლარი) 27 მილიონ ვონამდე (21 650 დოლარი) მერყეობს. ამაზე იაფი კი ბენზინისძრავიანი ვერსიები ღირს - 19 მილიონი ვონიდან (15 240 დოლარი) 24 მილიონ ვონამდე (19 250 დოლარი). ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ეღირება ახალი ”ტუსანი” ევროპაში, სადაც მისი გაყიდვები მერმის, წლის დასაწყისშივე აიღებს სტარტს.

”ჰიუნდაი” კორეაში წელს მხოლოდ 16 000 ცალი ახალი ”ტუსანის” გაყიდვას გეგმავს. მას შემდეგ კი, რაც ავტომობილს მსოფლიოს ყველა ბაზარზე (სადაც ჰიუნდაი ფიგურირებს) შეიტანენ, წლიურად დაახლოებით 300 000 ცალი ”ტუსანი” გაიყიდება.

No comments:

Post a Comment