Tuesday, August 25, 2009

”მაზერატის” ფრანკფურტული სიახლე - ღია ”გრანკაბრიო”

Maserati GranCabrio

25 აგვისტო


სუპერავტომობილების მწარმოებელ იტალიურ კომპანია ”მაზერატის”, რომელიც ”ფიატის” ჯგუფშია გაერთიანებული, ფრანკფურტული ავტორანდევუსთვის ელეგანტური სიახლე - კუპე ”გრანტურიზმოს” ღია ვერსია, სახელად ”გრანკაბრიო” აქვს მომზადებული, იქ ჩვენებამდე კი მის შესახებ მწირი ინფორმაცია და ფოტოები გაავრცელა.

იმის გამო, რომ ავტომობილს სახურავი და შესაბამისად, მისი საყრდენებიც არ აქვს, მის ძარას გამაგრება დასჭირდა, ამას კი ავტომობილის წონის მატება მოჰყვა - თუ კუპე 1880 კილოგრამს იწონის, კაბრიოლეტის შესაბამისი მაჩვენებელი ორ ტონას აღწევს. ამას კი აუცილებლად მოჰყვება ”გრანკაბრიოს” დინამიკური მაჩვენებლების გაუარესება (გრანტურიზმოსთან შედარებით). ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დრო სჭირდება ახალ ავტომობილს 0-დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად, ან რამდენია მისი მაქსიმალური სიჩქარე, თუმცა კუპეს მონაცემების მიხედვით შეიძლება ვარაუდი, რომ სტანდარტულ აჩქარებას ის 5.5 წამს მოანდომებს, (კუპე ამას 4.9 წამში ახერხებს), მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 290 კმ/სთ იქნება (კუპეს სიჩქარის ჭერი 295 კმ/სთ-ია).

”გრანკაბრიოს” კაპოტქვეშა სივრცეში მოთავსდება 4.7-ლიტრიანი V8 ძრავი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 440 ცხენის ძალაა მასთან კი 6-საფეხურიანი სეკვენტალური კოლოფია (MC-შიფტ) შეწყვილებული, რომელიც საფეხურების სულ რაღაც 100 მილიწამში შეცვლას უზრუნველყოფს.

”მაზერატი” ევროპულ ბაზარზე ”გრანკაბრიოს” გაყიდვას მერმის დაიწყებს. კომპანია თავისი სიახლის ფასს ჯერ არ აქვეყნებს, ინგლისურ ჟურნალ ”აუტოქარის” ვარაუდით კი კაბრიოლეტი კუპეზე (საბაზო ღირებულება 121 000 ევრო) დაახლოებით 15 პროცენტით ძვირი ეღირება.

No comments:

Post a Comment