Tuesday, August 25, 2009

”ოპელის” ფრანკფურტული სიახლეები

Opel at Frankfurt

25 აგვისტო

ფრანკფურტის ავტოგამოფენაზე ”ოპელს” ორი მნიშვნელოვანი ექსპონატი ექნება - ახალი ”ასტრა” და ჰიბრიდული ელექტრომობილი ”ამპერა”. ორივე ავტომობილის მთავარი თვისება ეკონომიურობა და გამონაბოლქვში მცირე რაოდენობით CO2-ის შემცველობაა.

”ასტრა” (სურათზე წითელია) წარმოებისთვის გამზადებული ავტომობილია - გერმანული კომპანია მის გაყიდვებს წელსვე დაიწყებს, ”ამპერა” (თეთრი) კი კონცეპტუალური მოდელია, რომელიც ევროპის ბაზარზე ალბათ ორი წლის შემდეგ გამოჩნდება.

ახალი ”ასტრა” ძრავების განახლებული გამით გამოირჩევა, რომელშიც 8 ეკონომიური აგრეგატი შედის. მათი მაქსიმალური სიმძლავრე 95-დან 180 ცხენის ძალამდეა, მათთან კი მექანიკური კოლოფები შეწყვილდება. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ”ასტრა” წინა მოდელთან შედარებით, 12 პროცენტით ეკონომიური იქნება და რაც მთავარია, გარემოსაც ნაკლები ნახშირორჟანგით დააბინძურებს.

უფრო სუსტი ძრავებისთვის (1.3-ლიტრიანი ტურბოდიზელი და 1.4 და 1.6-ლიტრიანი ბენზინის ატმოსფერული ძრავები) 5-საფეხურიანი მექანიკური კოლოფებია განკუთვნილი, უფრო მძლავრებს კი 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფები მოემსახურება.

”ჩვენი მიზანია, მყიდველს უფრო სრულყოფილი ”ასტრა” შევთავაზოთ, რომელიც უფრო ეკონომიური ძრავებითაა აღჭურვილი და რომელსაც ხელმისაწვდომი ფასი აქვს. არადა, შეგვეძლო, რომ აქცენტი ეფექტურ, ძვირადღირებულსა და მცირეგამონაბოლქვიან ძრავებზე შეგვეჩერებინა. ჩვენი მყიდველი მიიღებს ეკონომიურ ავტომობილს, რომელიც იმავდროულად, სასიამოვნო სამართავიცაა”, - ამბობს ”ოპელის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კარლ-პეტერ ფორსტერი.

”ასტრა” საინტერესოა იმდნდ, რამდნდაც მალე მას ასეულობით ათასი ევროპელი შეიძენს. რაც შეეხება უფრო შორეული მომავლის ავტომობილს - ”ამპერას”, მისი მამოძრავებელი ელექტროძრავია, შიდაწვის ძრავი კი მეორეხარისხოვან როლს ასრულებს - მასთან დაკავშირებული გენერატორი ელექტროძრავისთვის საჭირო ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკში დაგროვილი ელექტროენრგია მხოლოდ 60 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი. მაგრამ როცა საქმეში შიდაწვისძრავი და გენერატორი ერთვებიან, ”ამპერას” სვლის სიშორე 500 კილომეტრამდე იზრდება. დაკიდევ, ”ამპერას” აკუმულატორების დამუხტვა საყოფაცხოვრებო ელექტროქსელიდანაც შესაძლებელია.

ამჯერად სულ ეს არის, უფრო ახლოს კი ეს ავტომობილები ფრანკფურტში გაგვეცნობიან...

No comments:

Post a Comment