Tuesday, August 18, 2009

”კან ამ M1C” - ლეგენდარული ”მაკლარენ M1C-ის” რეპლიკა

CAN AM M1C

18 აგვისტო


”მაკლარენი” სახელგანთქმული ბრენდია ავტოსპორტის სამყაროში, სადაც განსაკუთრებული მიღწევები ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატებზე აქვს. დღეს კომპანია მხოლოდ ფ1-ის რბოლებში მონაწილეობს, თუმცა იყო დრო, როცა მისი ბოლიდები კანადა ამერიკის (კან-ამ) თასსა და ინდი 500-ზეც გამოდიოდნენ.

”მაკლარენის” სარბოლი ავტომობილებიდან კი ყველაზე მეტად, კომპანიის ერთ-ერთი პირველი ქმნილება - M1C გამოირჩეოდა. თავისი 500-ცხენისძალიანი ძრავის წყალობით, მან კან-ამის რბოლებში არაერთი გამარჯვება მოიპოვა. მაგრამ სამწუხაროდ, ახალზელანდიელმა მრბოლებმა - ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონმა დენის ჰალმმა და ბრიუს მაკლარენმა მხოლოდ 25 ცალი M1C დაამზადეს და ყველა სარბოლი ტრასების გზას გაუყენეს. ამიტომ, სიჩქარის არასპორტსმენ მოყვარულებს, მისი შეძენის საშუალება არ მისცემიათ.

ამ ავტომობილის კონსტრუქცია იმდენად მარტივი და წარმატებული გამოდგა, რომ მის მიხედვით, ენთუზიასტები და პატარა ფირმები დღესაც აწარმოებენ ავტომობილებს და საკმაოდ წარმატებითაც. თუმცა, ისინი უფრო ხშირად, შასიზე საკუთარი დიზაინის ძარას დგამენ ხოლმე.

მაგრამ გამონაკლისიც გამოჩნდა - პატარა გერმანულმა ფირმა ”LMP ინჯინირინგმა” ლეგენდარული ავტომობილის სრულფასოვანი ასლების წარმოება გადაწყვიტა. ფირმამ თავის შედევრს ”კან ამ M1C” (Can Am M1C) უწოდა. კომპანიის ინჟინრებმა სასურველი ავტომობილის ასლის დასამზადბლად ულტრათანამედროვე კომპიუტერული პროგრამები გამოიყენეს, რათა სრულფასოვანი ასლი მიეღოთ და არა უბრალო რეპლიკა, როგორებსაც ბევრი სხვა ფირმაც აწარმოებს.

ისევე როგორც ორიგინალი, ”კან ამ M1C-ს” შასიც ფოლადის მილებისგან შეკრულ ჩარჩოზეა აგებული, რომელსაც კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული ძარა (კოკი) ფარავს. შასიზე ”შევროლეს” მცირებლოკიანი V8 ძრავი (მონაცემები არ ქვეყნდება) დაიდგა, რომელსაც საწვავი ნარევით ზუსტად ისეთი 4 კარბურეტორი (48 IDA) ამარაგებს, როგორიც ორიგინალურ ავტომობილზე იდგა. ძრავს კი ინგლისური ”ჰიულენდის” წარმოების სარბოლი გადაცემათა კოლოფი (DG 300) შეუწყვილდა, რომელსაც 5 საფეხური აქვს. ამ ავტომობილისთვის მუხრუჭები სპეციალურად კომპანია ”AP რეისინგის” სპეციალისტებმა დაამზადეს.

”LMP ინჯინირინგმა” ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ცალი ”კან ამ M1C” დაამზადა, რომელიც უკვე გაყიდულია. კომპანია აცხადებს, რომ შეკვეთის შემთხვევაში, ასეთ ავტომობილებს კიდევ გამოუშვებს, თუმცა რა დაუჯდება მსურველს ლეგენდარული ავტომობილის ასლის შეძენა, ამაზე გერმანული ფირმა არაფერს ამბობს.

ისე, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ის ძალიან ძვირი ეღირება...

No comments:

Post a Comment