Tuesday, August 18, 2009

”ჯენერალ მოტორსმა” ”სააბი” გაჰყიდა

Saab

18 აგვისტო

”ჯენერალ მოტორსმა” და შვედურმა კომპანია ”კენიგსეგმა” გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის ძალითაც, კიდევ ერთი შვედური ავტომწარმოებელი ”სააბი”, ამიერიდან სუპერავტომობილების მწარმოებელი ”კენიგსეგის” ხელში გადადის. ახლა ისღა დარჩა, რომ შვედეთის მთავრობამ ეს შეთანხმება დაამტკიცოს, რის შემდეგაც, ფინანსურ კრიზისში მყოფი ”სააბის” ანგარიშზე, კრედიტის სახით 4.3 მილიარდ შვედურ კრონს (დაახლოებით 417 მილიონ ევროს) გადარიცხავს.

სააგენტო როიტერის ინფორმაციით, ამერიკული კომპანია ”სააბს” ძალიან დაბალ ფასად ჰყიდის, თუმცა რამდენია ეს ”ძალიან დაბალი ფასი”, არ კონკრეტდება. სამაგიეროდ, ”ჯენერალ მოტორსის” ევროპული შტოს პრეზიდენტი კარლ-პეტერ ფორსტერი აცხადებს, რომ გაყიდვის შემდეგაც, მისი კომპანია ”სააბთან” ტექნოლოგიურ თანამშრომლობას გააგრძელებს.

”კენიგსეგის” გარდა, ”სააბის” გამოსყიდვაში ასევე მონაწილეობენ ნორვეგიული საინვესტიციო კომპანია ”ბაარდ ეკერი” და მისი პარტნიორი, ამერიკელი ბიზნესმენი ოგი ფაბელა. ”ჯენერალ მოტორსთან” დადებული გარიგების თანახმად, ამიერიდან ”სააბის” 23.4 პროცენტი ”კენიგსეგის” დამაარსებლის, კრისტიან ფონ კენიგსეგის ხელში გადადის. 42.6 პროცენტს მისი კიდევ ერთი კომპანია, ”აპლააცი” მიიღებს, 11.8 პროცენტი ”ბაარდ ეკერისა” გახდება, დარჩენილი 22 პროცენტი კი იმ უცნობი ინვესტორის ხელში დარჩება, რომელმაც ეს წილი ცოტა ხნის წინათ, ბიზნესმენ მარკ ბიშოპისგან გამოისყიდა.

გაყიდვის მიუხედავად, ”ჯენერალ მოტორსი” შვედური კომპანიის ტექნოლოგიურ მხარდაჭერას გააგრძელებს. ამერიკული კომპანიის მხარდაჭერით, მალე ”საბი” სამი ახალი მოდელის - 9-3X-ის, 9-4X-ის და 9-5-ის გამოშვებას დაიწყებს. ცნობისათვის, წინა წელთან შედარებით, შარშან ”სააბმა” 25.5%-ით ნაკლები, 93 338 ავტომობილი გაჰყიდა, წელს კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება.

რაც შეეხება ”კენიგსეგს”, ამ კომპანიის ერთადერთ საწარმოში მხოლოდ 50 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც წლიურად მხოლოდ რამდენიმე ავტომობილს (თითოეულის ფასი მილიონი დოლარია) აწარმოებენ.

No comments:

Post a Comment