Thursday, September 3, 2009

”ბეემვე” ”მინის” გამას გააფართოებს

MINI Coupe

3 სექტემბერი

”ბეემვეს” მთავარმა აღმასრულებელმა ნორბერტ რაიტჰოფერმა გამოაცხადა, რომ მომავალი წლიდან, მის ჯგუფში შემავალი ინგლისური კომპანია ”მინი” თავის ოქსფორდულ ქარხანაში ორი ახალი ავტომობილის წარმოებას შეუდგება. ინგლისურ გამოცემა ”ფაინენშლ ტაიმსთან” საუბრისას, რაიტჰოფერს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ავტომობილებზე ლაპარაკობდა.

მისი თქმით, ოქსფორდულ ქარხანაში 3 500 ადამიანია დასაქმებულ და ამ მხრივ, ის ერთ-ერთი უდიდესია გაერთიანებულ სამეფოში. ამ ქარხნის წლიური წარმადობა 200 000-220 000 ავტომობილია და ის ამ სიმძლავრით უკვე მუშაობს. სავარაუდოდ, ქარხანას ახალი ხაზი დაემატება, რომელიც სწორედ ამ ორ ახალ ავტომობილს გამოუშვებს.

”მინი” თავისი პოპულარული ჰეჩბეკის ბაზაზე, დღეისათვის რამდენიმე მოდელს აწარმოებს. ესენია ჰეჩბეკი, კაბრიოლეტი და უნივერსალი ”კლუბმენი”. მალე ამათ ქროსოვერი ”ქროსმენი” დაემატება. მაგრამ ამ ავტომობილს კომპანია ინგლისში არ გამოუშვებს. მისი წარმოება ავსტრიულ-კანადურ ”მაგნა შტეირის” ავსტრიულ ქარხანას დაევალება.

ფრანკფურტის ავტოგამოფენაზე კი ბავარიელები ორი, სრულიად ახალი ავტომობილის - კუპესა და როდსტერის (სახელად სპიდსტერ) პრემიერას გეგმავენ. სავარაუდოდ, სწორედ ესაა ის ორი მოდელი, რომელთა გამოც ოქსფორდულ ქარხანას გაფართოება მოუწევს.

1 comment: