Thursday, September 3, 2009

”მერსედეს-ბენცი” სერიულ ელექტრომობილს ფრანკფურტში გვიჩვენებს

Mercedes-Benz BlueZero E-cell Plus

3 სექტემბერი

ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე, ”მერსედეს-ბენცი” საზოგადოებას სერიული წარმოებისთვის მომზადებულ ელექტრომობილ ”ბლიუზერო E-სელ პლუსს” წარუდგენს, რომლის მცირესერიული წარმოების დაწყებაც მერმის იგეგმება.

ინგლისურ ჟურნალ ”აუტოქარის” ცნობით, ხუთკარიანი ავტომობილი A-კლასის ჰეჩბეკის მოდერნიზებულ პლატფორმაზეა აგებული, გარეგნულად კი ის ისეთია, როგორიც B-კლასის მომდევნო თაობის ჰეჩბეკი უნდა იყოს. ამ ავტომობილის პრემიერა 2012 წელს იგეგმება და სავარაუდოდ, ის სწორედ ”ბლიუზერო E-სელ პლუსის” სტილში შესრულდება.

კონცეპტუალური ავტომობილი მამოძრავებელ ძალას 94-ცხენისძალიანი ელექტროძრავისგან ღებულობს, რომელსაც ელექტროენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების კომპაქტური ბლოკი კვებავს. იმ შემთხვევისთვის, როდესაც აკუმულატორები სრულად განიმუხტება, მათ შევსებას ბენზინზე მომუშავე სამცილინდრიან ძრავთან დაკავშირებული გენერატორი უზრუნველყოფს. ეს ძრავი ”სმარტისგანაა” აღებული და ის მაქსიმუმ 67 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

შტუტგარტელთა ინფორმაციით, მხოლოდ ელექტროძრავით, ავტომობილს მაქსიმუმ 99 კილომეტრის გავლა შეუძლია. სრულად დამუხტული აკუმულატორებითა და ბოლომდე შევსებული ავზით კი, ”ბლიუზერო E-სელ პლუსს” შეუჩერებლად თითქმის 600 კილომეტრის გავლა შეუძლია.

საინტერესოა ის, რომ აკუმულატორების სრულად დამუხტვას ნახევარი საათი ჰყოფნის. წინა წამყვანბორბლიან ავტომობილს 0-დან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა დაახლოებით 11 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 150 კმ/სთ-ს შეადგენს.

No comments:

Post a Comment