Wednesday, September 9, 2009

გაიცანით - ”მერსედეს-ბენც SLS AMG”

Mercedes-Benz SLS AMG

9 სექტემბერი



”მერსედეს-ბენცის” თავლას ყველზე ნანატრი კვიცი დაემატა. კვიცი კი არა, ნამდვილი ჯიშიანი სადოღე ბედაური, რომელსაც საავტომობილო სამყარო დიდხანს მოუთმენლად ელოდა. ავტომობილი, რომელიც რამდენჯერმე მოექცა პაპარაცების კამერების ობიექტივში და რომელსაც შტუტგარტელებმა SLS AMG უწოდეს, საზოგადოებას პირველად, ვირტუალურ სამყაროში გაეცნო.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ SLS AMG ”მერსედეს-ბენცის” ლეგენდარული ”300 SL გალვინგის” (თოლიას ფრთა) ღირსეული შთამომავალია. თავიდან გადაწყვეტილი იყო, რომ მის შექმნაში მონაწილეობა ”მაკლარენს” უნდა მიეღო, მაგრამ შემდეგ ინგლისური კომპანიის ნაცვლად, არჩევანი შტუტგარტელთა ჯგუფში შემავალ სატუნინგო და ინჟინირინგულ ატელიე AMG-ზე შეჩერდა.

ახალი ავტომობილი AMG-სავე მიერ შემუშავებული, 6.2-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც მაქსიმუმ 571 ცხენის ძალას (6 800 ბრ/წთ-ზე) და 650 ნიუტონმეტრს (4 750 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. გადაბმის ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით, ძრავთან 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფია დაკავშირებული, რომელიც ამძრავ მომენტს უკანა წამყვან ბორბლებს აწვდის. ეს ტანდემი 1620-კილოგრამიან ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-მდ 3.8 წამში ააჩქარებს, მაქსიმალურ სიჩქარეს კი 315 კმ/სთ-ს ანიჭებს.

ისევე როგორც 1950-იანი წლების ”გალვინგს”, SLS AMG-საც ორივე კარი თოლიის ფრთის სტილში - ქვევიდან ზევით ეხსნება. ოღონდ, ”ლამბორგინისგან” განსხვავებით, კარის სამაგრი სახურავზე მდებარეობს და არა წინა საყრდენის ძირზე. როცა ორივე კარი გაღებულია, ისინი სწორედ თოლიას ფრთებს მოგვაგონეს.

ავტომობილი ალუმინის შენადნობებისგან დამზადებულ შასიზეა აწყობილი და მას წონის თითქმის იდეალური განაწილება ახასიათებს - 48-52%-ზე (შესაბამისად, წინასა და უკანაზე). SLS AMG-ს გაბარიტებია: სიგრძე 4.65 მ, სიგანე 10.95 მ და სიმაღლე 1.25 მეტრი. ბორბლებს შორის არსებული ბაზის სიგრძე კი 2.7 მეტრია.

”მერსედეს-ბენც SLS AMG-ს” მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის ავტო შოუზე გაიმართება, მის გაყიდვას კი შტუტგარტული გიგანტი წელსვე დაიწყებს. გერმანიაში ამ ავტომობილის სასტარტო ფასი 177 310 ევრო იქნება. სავარაუდოდ, ”სამქიმიანები” მერმის მყიდველს SLS AMG-ს ღია ვერსიას შესთავაზებენ, უფრო გვიან კი შესაძლოა, მისი ელექტრონული ვარიანტიც კი გამოუშვან.

No comments:

Post a Comment