Friday, September 11, 2009

ლამბორგინი რევენტონ როდსტერი

Lamborghini Reventon Roadster

11 სექტემბერი





ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე, რომელიც რამდენიმე დღეში გაიხსნება, დამთვალიერებელი არაერთ სუპერავტომობილს იხილავს. ამ კლასის ავტომობილები გამოფენას ჩვენი პლანტის ლამის ყველა კონტინენტიდან ეწვევიან, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამორჩეული, რა თქმა უნდა, ”ლამბორგინის” ახალი საოცრება - ”რევენტონის” ბაზაზე შექმნილი როდსტერი იქნება.

თავისი კონკურენტებისგან განსხვავებით, კომპანია წინასწარ თავისი სიახლის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. სამაგიეროდ, ინტერნეტით რამდენიმე ფოტოს ”გაჟონვას” შეუწყო ხელი და ფრანკფურტამდე ინტრიგა ამით შექმნა. ამ ფოტოების მიხედვით კი შეიძლება ითქვას, რომ სანტ’აგატელებმა თავიანთი ფაბრიკიდან მორიგი მხეცი გამოუშვეს.

მართალია, სიახლის შესახებ მწარმოებელი ჯერ არაფერს გვამცნობს, მაგრამ ვარაუდის დონეზე (მისი ნათესავის - დახურული რევენტონის მონაცემების მიხედვით) შეიძლება ითქვას, რომ ავტომობილი აღჭურვილია 6.5-ლიტრიანი V12 ძრავით, რომელიც 650 ცხენის ძალას და 660 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან 6-საფეხურიანი კოლოფია მიერთებული, რომლის მიერ გადამუშავებული მაბრუნი მომენტიც ოთხივე წამყვან ბორბალს უნაწილდბა. ისევ ვარაუდის დონეზე შეიძლება თქმა, რომ 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარებას როდსტერი 3 წამზე ოდნავ მეტს მოანდომებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 340 მ/სთ იქნება.

სამწუხაროდ, ამ ავტომობილზე ოცნებაც არ ღირს - იტალიური კომპანია მხოლოდ 20 ცალი ასეთი მხეცის დამზადებას აპირებს, რომლებსაც იმ ენთუზიასტებს მიჰყიდის, რომლებიც 1.2 მილიონ ევროს გაიმეტებენ.

No comments:

Post a Comment