Monday, September 21, 2009

ფრანკფურტის ავტო შოუ

გაცოცხლებული ”ტრაბანტი” ფრანკფურტში

Trabant

21 სექტემბერი

როგორც მოსალოდნელი იყო, მასშტაბური მოდლების მწარმოებელმა გერმანულმა კომპანია ”ჰერპამ” ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე თავისი კონცეპტუალური ავტომობილი წარადგინა, რომელსაც აღმოსავლეთ გერმანიის ერთ-ერთი სიმბოლოს - ”ტრაბანტის” სახელი აქვს.

კონცეპტუალური ”ტრაბანტის” შექმნაზე, ”ჰერპას” გარდა, მისი პარტნიორის, საავტომობილო ძარების მწარმოებელი კომპანია ”ინდიკარის” სპეციალისტებიც მუშაობდნენ. ისინი ირწმუნებიან, რომ განახლებულ ”ტრაბანტს”, რომელსაც სახელად nT შეარქვეს (იქნებ, წარმოების დაწყებამდე შეუცვალონ), 2012 წელს გამოუშვებენ.

წინამორბედთან შედარებით, ახალი ”ტრაბი” გაბარიტებში გაზრდილია. მისი სიგრძე 3.95 მ, სიგანე 1.69 მ, სიმაღლე 1.5 მეტრი, ბაზა კი 2.45 მეტრია. ავტომობილი ხუთადგილიანია და ის მოძრაობაში 63-ცხენისძალიან ელექტროძრავს მოჰყავს, რომელიც ენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან ღებულობს.

აკუმულატორების ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ერთი სრული დამუხტვით, მათ ”ტრაბი” 160 კილომეტრზე გაატარონ. ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო (230-ვოლტიანი) ქსელიდან აკუმულატორების სრულად დასამუხტად, დაახლოებით რვა საათია საჭირო, მაგრამ თუ პლაგ-ინ სისტემას 380-ვოლტიან ქსელს მივუერთებთ, დამუხტვას ორი საათიც ეყოფა. გარდა ამისა, ავტომობილის სახურავზე მზის ელემენტებია დამონტაჟებული, რომლიდან მიღებული ელექტროენერგიაც ”ტრაბანტის” დამხმარე ელექტროხელსაწყოების კვებას ხმარდება. დაბოლოს, განახლებული ”ტრაბანტის” მაქსიმალური სიჩქარე სულ რაღაც 130 კმ/სთ-ია.

ცნობისათვის, ამ ავტომობილის პირველი მასშტაბური მოდელი (1:87 მასშტაბში) ”ჰერპამ” ფრანკფურტშივე, ორი წლის წინ წარადგინა. იქვე მიღებულ გამოხმაურებათა გამო კი მისი სერიულად წარმოება გადაწყდა.

სავარაუდოდ, ელექტრომობილი ”ტრაბანტ nT” ევროპულ ბაზარზე 10 000 ევრო ეღირება.

No comments:

Post a Comment