Tuesday, December 22, 2009

რუსთავში ახალი ავტობაზრობა გაიხსნა

20 დეკემბერი

19 დეკემბერს, რუსთავში, სარბოლი ავტოდრომის მახლობლად, ახალი, კეთილმოწყობილი საავტომობილო ბაზრობა გაიხსნა, სადაც, მეორადი ავტომობილების ბაზარმა დიღმის ავტობაზრობიდან გადაინაცვლა.

ბაზრობას 25 ჰექტარი ფართობი უკავია და ის თითქმის მთლიანად ბეტონის სტრუქტურითაა დაფარული. ახალი ბაზრობა რუსთავის შესასვლელთან მდებარეობს და მასთან ორი ფართე, ასევე ბეტონისსაფარიანი გზა მიგიყვანთ. მის ტერიტორიაზე ტუალეტები და სწრაფი კვების ობიექტები მუშაობს, სადაც მაქსიმალურადაა დაცული ჰიგიენური პირობები.

ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ბაზრობის ხელმძღვანელობა ავტომობილების მყიდველსაც და გამყიდველსაც მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს. ბაზრობაზე მუშაობს ”ტაოპრივატბანკის” ფილიალი, სადაც ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი ავტომობილის შესაძენად კრედიტის გამოტანა. აქვეა საბაჟო სამსახური, სადაც ავტომობილის შემომყვანი მოკლე ვადაში შეძლებს ავტომობილის განბაჟებას. ბაზრობა პოლიციის მომსახურების რუსთავის ცენტრის გვერდზე მდებარეობს, რაც მყიდველს, მის მიერ შეძენილი ავტომობილის წუთებში გადაფორმების და ნომრების აღების საშუალებას მისცემს.

რუსთავის ბაზრობა ძალიან მოსახერხებელი იქნება მეზობელი აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც მეორადი ავტომობილების ქართულ ბაზარზე მუშაობენ და განაპირობებენ იმ ფაქტს, რომ საქართველოდან პროდუქციის ექსპორტში ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია ავტომობილების რეექსპორტს უკავია.

აზერბაიჯანელი და სომეხი ავტო-კომერსანტები ბაზრობის გახსნის ცერემონიასაც მრავლად დაესწრნენ და მართალია, ისინი ჩიოდნენ, რომ ავტომობილების ფასი გაზრდილია, მაგრამ დროთა განმავლობაში, ამ ფაქტორს თვითონ ბაზარი დაარეგულირებს და ისინიც ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ ავტომობილების გაყვანას.

ახალი ბაზრობა ”ტაოპრივატბანკის” ინვესტირებით აშენდა და ის 25 მილიონი დოლარი დაჯდა. გახსნის ცერემონიალზე, ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ ახალ ბაზრობას რუსთავისა და მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება - შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და დაიხვეწება ინფრასტრუქტურა, რაც ქვემო ქართლში ახალი ინვესტიციების მოზიდვის საფუძველი გახდება.

რა თქმა უნდა, ბაზრობიდან შესული გადასახადები მნიშვნელოვნად წაადგება როგორც ქვემო ქართლის და რუსთავის, ასევე ქვეყნის ბიუჯეტსაც. კირკიტაძის თქმით, რუსთავის ახალი ავტობაზრობა, ერთ-ერთი უდიდესია ყოფილ საბჭოეთში და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

ბაზრობის უკრაინელმა დირექტორმა ევგენი უსტინოვმა განაცხადა, რომ ბაზრობაზევე მალე აშენდება ავტომობილების მომსახურების და სერვისის ცენტრები, ასევე ავტო სამრეცხაო და სასტუმრო, რომელიც განსაკუთრებით მიმზიდველი მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული კომერსანტებისთვის გახდება.

ბატონმა კირკიტაძემ ასევე განაცხადა, რომ მალე, კერძოდ კი გაზაფხულზე, ძველი ავტოდრომის ადგილზე, ბაზრობის გვერდზე, ახალი, ევროპული სტანდარტის შესაფერისი ავტოდრომის მშენებლობა დაიწყება, რომელიც სავარაუდოდ, მწყობრში სამ წელიწადში ჩადგება. ამ ავტოდრომზე ჩატარდება როგორც ადგილობრივი, საერთაშორისო მნიშვნელობის რბოლები. ამ ეტაპზე კი მისი პროექტი დამუშავების პროცესშია...

No comments:

Post a Comment