Tuesday, December 1, 2009

”გრეიტ უოლი” ევროპაში გაყიდვებს იწყებს
Great Wall to Bring Coolbear in Europe
1 დეკემბერიჩინური ავტომწარმოებელი ”გრეიტ უოლი” (დიდი კედელი) 2010 წლიდან ევროპის ბაზარზე თავისი უახლესი მიკროვენის - ”ქულბეარის” გაყიდვების დაწყებას გეგმავს. ამ ავტომობილს ევროპულ ბაზარზე მწვანე შუქი მას შემდეგ აენთო, რაც მან ბრიტანულ სასერტიფიკაციო სააგენტოში გაიარა ტესტები.
გამოცემა ”ჩაინა ქარ ტაიმსის” ინფორმაციით, ”გრეიტ უოლი” აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში საქმიანობის გაფართოებას ესწრაფვის და ”ქულბეარის” გაყიდვის დაწყება, ამ მხრივ გადადგმული პირველი სერიოზული ნაბიჯი იქნება.
”ქულბეარი” გარეგნულად ”სციონის” (ტოიოტას ამერიკული ახალგაზრდული ბრენდი) პოპულარულ xD-ს ჰგავს. ის 1.5-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელთანაც მექანიკური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული. მალე კი ავტომატურის გამოყენებაც იქნება შესაძლებელი. რაც მთავარია, კომპანიის განცხადებით, ნახსენები ძრავი გამონაბოლქვზე ევრო5 სტანდარტს აკმაყოფილებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპულ ბაზარზე, რეგულატორების მხრიდან, ამ ავტომობილს დაბრკოლება არ შეექმნება.
ძრავი 6 000 ბრ/წთ-ზე მაქსიმუმ 103 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი მაბრუნი მომენტის ჭერი კი 138 ნიუტონმეტრს (4 200 ბრ/წთ-ზე) აღწევს. ადგილიდან 60 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად, ავტომობილს 4.7 წამი სჭირდება, 0-დან 90 კმ/სთ-ს კი მისი სიჩქარე 6.0 წამში აღწევს.
”გრეიტ უოლი” ევროპის ბაზრისთვის ავტომობილების წარმოებას ბულგარეთში ლოვეხის ქარხანაში აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინური კომპანიის ბულგარული საწარმოს წლიური სიმძლავრე 50 000 ავტომობილია. იქ სულ ოთხი მოდელის წარმოება იგეგმება. ”ქულბეარის” გარდა, ის გამოუშვებენ სედან ”ფლორიდს”, უგზოობის ”ჰოვერ 5-ს” და პიკაპ ”უინგლის”. აღნიშნული ქარხანა წარმოებას ალბათ 201 წლის პირველ ნახევარში დაიწყებს.
ჯერჯერობით უცნობია ”ქულბეარის” ფასი, თუმცა ზოგიერთი წყაროს ცნობით, ამ ავტომობილის ღირებულება 12 000 დოლარის ფარგლებში იქნება.

No comments:

Post a Comment