Sunday, December 13, 2009

”მიცუბიში ლანსერი” დაკარს უბრუნდება

The Lancers are back

12 დეკემბერი

მიუხედავად იმისა, რომ დაკარის წლევანდელი რბოლის შემდეგ, მისმა არაერთგზის ტრიუმფატორმა, კომპანია ”მიცუბიშიმ” გამოაცხადა, რომ მომავალ რბოლაში საქარხნო გუნდით ასპარეზობას არ აპირებს, სტარტზე მაინც მისი ხუთი მანქანა - სპეციალურად დაკარისთვის მომზადებული ”ლანსერი” დადგება.

დაკარის წლევანდელ რბოლაში ”მიცუბიშიმ” ოთხი ეკიპაჟით იასპარეზა, მაგრამ აქედან მხოლოდ ერთმა შეძლო ფინიშამდე მიღწევა. საბოლოოდ, იაპონური კომპანიის გუნდმა მეშვიდე ადგილი დაიკავა. თუმცა, მომდევნო რბოლიდან საქარხნო გუნდის მოხსნის მიზეზი ეს წარუმატებლობა კი არა, ფინანსური კრიზისი გახდა.

ფრანგულმა სარბოლმა საჯინიბო ”JMB სტრადალემ”, რომლიც სხვადასხვა სარბოლ სერიებში მონაწილეობს, ”მიცუბიშისგან” დაკარისთვის მომზადებული ხუთი მანქანა და გუნდის სრული ეკიპირება გამოისყიდა და ლეგენდარულ რალი-რეიდში მონაწილეობისთვის ემზადება. ამ რთულ წამოწყებაში კი გუნდს იაპონური კომპანიის საქარხნო გუნდის ყოფილი მენეჯერი დომინიკ სერიე ეხმარება.

”JMB სტრადალეს” შეფ ნიკოლა მესლენს თავადაც არაერთხელ მიუღია მონაწილეობა დაკარის რეიდში. 2002 წელს მან რბოლა მე-10 ადგილზე დაასრულა. ის ამბობს, რომ დიდხანს სურდა საქარხნო გუნდისგან დაკარისთვის მომზადებული ”მიცუბიში პაჯეროს” ყიდვა, მაგრამ ამას ვერ ახერხებდა. მერე კი, როდესაც ამ წლის დასაწყისში გაიგო, რომ ”მიცუბიში” თავის სარბოლ მანქანებს ჰყიდდა, მაშინვე იაპონურ კომპანიას დაუკავშირდა და ჯერ მისგან სარბოლი მანქანები შეიძინა, შემდეგ კი მთელ გუნდსაც დაეპატრონა.

მესლენი თავისი გუნდის მანქანით ასპარეზობას თავადვე აპირებს. მანქანებს მოდერნიზაცია ჩაუტარდათ. კერძოდ, დიზელის აგრეგატები ბენზინისათი შეიცვალა. ეს კი იმისათვის გაკეთდა, რომ მესლენის თქმით, ბენზინის ძრავების სრულყოფა უფრო ადვილია და იაფიც ჯდება.

დაკარის რალი სტარტს ბუენოს აირესში, 1 იანვარს აიღებს, 16 იანვარს კი რბოლა იქვე დასრულდება, ოღონდ მანამდე სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილს მოივლის. არგენტინისა და ჩილეს მთებში, რალი რეიდის მონაწილეებს დაახლოებით 9 000 კილომეტრი ექნებათ გასავლელი.

No comments:

Post a Comment