Sunday, December 13, 2009

ევროპაში უფრო მძლავრი და ძვირი ”ტატა ნანო” გაიყიდება

Tata Nano Europa

12 დეკემბერი

ჟენევის წლევანდელ საავტომობილო შოუზე ნაჩვენები, სპეციალურად ევროპული ბაზრისთვის შექმნილი ”ტატა ნანოს” გაყიდვები 2011 წლამდე არ დაიწყება, მაგრამ მის შესახებ ზოგიერთი ინფორმაცია უკვე ცნობილია. მაგალითად ის, რომ ინდური ჯუჯა უფრო მძლავრი და ეკონომიური ძრავით აღიჭურვება, ასევე მაღალ დონეზე ექნება უსაფრთხოება და კომფორტი. და, რა თქმა უნდა, მისი ფასიც გაიზრდება - თითქმის ორჯერ!

თუ ”ნანოს” ინდური ვერსია აღჭურვილია ორცილინდრიანი, 623 კუბ.სანტიმეტრიანი (0.623 ლიტრი) ძრავით, რომელიც 33 ცხენის ძალას ავითარებს, მისი ევროპული ვერსია სამცილინდრიან, 1.0-ლიტრიან აგრეგატს მიიღებს, რომლის სიმძლავრეც 61 ცხენის ძალა იქნება. ამ ძრავს ახალი, 5-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი (ინდურ ნანოს 4-საფეხურიანი აქვს) შეუწყვილდება, რომელსაც დაშორებული საფეხურები ექნება, რითაც ძრავს საწვავის ეკონომიასა და გამონაბოლქვში СО2-ის შემცველობის შემცირებაში დაეხმარება.

”ნანოს” ევროპული ვერსია უსაფრთხოების ორი წინა ბალიშით და საჭის გამაძლიერებლით აღიჭურვება. გარდა ამისა, ავტომობილს ექნება ბლოკირების საწინააღმდეგო და ბორბლების ადგილზე მოსრიალების საწინააღმდეგო სისტემები. და, შესაძლოა, ის 14-დუიმიან ბორბლებზეც დადგეს, როგორც ეს ჟენევაში ნაჩვენები ”ნანოს” შემთხვევაში იყო.

ინდოეთში ”ტატა” მსოფლიოს უიაფეს ავტომობილს თითქმის 3 000 დოლარის ექვივალენტურ ფასში ჰყიდის, მაგრამ ევროპაში, შესაბამისად მოდიფიცირებული ავტომობილის მინიმალური ფასი 6 500 დოლარი იქნება. გაძვირების მიუხედავად, ის მაინც ძველ კონტინენტზე ყველაზე ხელმისაწვდომ ავრომობილზე - ”ჰიუნდაი i10-ზე” იაფი და ჯუჯა ”სმარტზე” ორჯერ იაფი იქნება.

No comments:

Post a Comment