Friday, July 31, 2009

მანქანა ”სიტროენის” ტანით და ”ფერარის” გულით

Citroen-Ferrari

31 ივლისი


თუ გინახავთ ისეთი ქროსოვერი, ან მინივენი, რომელიც ”სიტროენის” ლეგენდარულ ფურგონ 2CV-ს ბაზაზეა დამზადებული, მის კაპოტქვეშ კი ”ფერარის” მძლავრი ძრავი მუშაობს? 35 წლის ნიკოლო ლამბერტის და 51 წლის მილკო დალა კოსტას, როცა ისინი ძველ ”ფერარი 335 ბერლინეტას” ყიდულობდნენ, ასეთი გიჟური იდეა ჯერ არ ამოძრავებდათ. მერე კი გადაწყვიტეს, ავტოსამყარო გაეკვირვებინათ და საქმესაც შეუდგნენ.

იტალიელ ენთუზიასტებს რალის საკუთარი გუნდი ”ნიმიკ-ი” ჰყავთ და რბოლებზე ხშირი მოგზაურობის გამო, თავიანთ მომავალ შედევრზე მუშაობის შეწყვეტა უწევდათ, რის გამოც, საქმეს ხუთი წელი მოანდომეს. დღეს კი რიგიანად არც იციან, რა უყონ ავტომობილს, რომელიც გარეგნულად ”სიტროენ 2CV-ს” ჰგავს და 290 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.

ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ავტომობილი, რომელსაც სახელიც არ აქვს, ადგილიდან 100 კმ/სთ-ს აკრეფას ხუთ წამზე ნაკლებში ახერხებს, ამაში კი მას ”ფერარის” V8 ძრავი ეხმარება, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 400 ცხენის ძალაა. ეს აგრეგატი ავტომობილის ბაზაში, ორად-ორი სავარძლის უკანაა მოთავსებული და მის მიერ გამომუშავებულ მაბრუნ მომენტს (ფერარისვე ტრანსმისიის გავლით) უკანა წამყვან ბორბლებს აწვდის.

წარმოიდგინეთ, რა მოუვიდოდა სიფრიფანა შასის, რომელიც სულ რაღაც 12-ცხენისძალიან ძრავზეა გათვლილი. რა თქმა უნდა, მან გაძლიერება მოითხოვა და იტალიელმა ენთუზიასტებმაც ეს მოთხოვნა შეასრულეს. პირველ რიგში, მათ მზიდი ჩარჩო გააძლიერეს, შემდეგ ის გააფართოვეს და ბაზაც დაუგრძელეს.

უცვლელი დარჩა 2CV-ს რადიატორის საფირმო ჰაერამღები, კაპოტი და წინა საქარე მინა. სამაგიეროდ, ორივე კარის უკან, ზორბა ლაყუჩები გამოჩნდა, რომლებიც ძრავის სეგმენტს ”სასუნთქი” გრილი ჰაერით ამარაგებენ.

”ამ მანქანის შექმნას ამდენი დრო მოვანდომეთ და ამჟამად არც ვიცით, რა ვუყოთ. ჯერჯერობით, სიამოვნებას იმით ვღებულობთ, რომ ყველგან ყურადღების ცენტრში ვექცევით. მაგრამ თუ გამოჩნდება ისეთი ვინმე, ვინც საინტერესო ფასს შემოგვთავაზებს, შეიძლება მივყიდოთ კიდეც”, - ამბობს ლამბერტი და დასძენს:

”როცა ”ფერარის” ყიდვა გადავწყვიტეთ, წარმოდგენაც არ გვქონდა, რაში უნდა გამოგვეყენებინა. მაგრამ, ჩვენი გიჟური აზრების გამო, დარწმუნებული ვიყავით, რომ ადრე თუ გვიან, საინტერესო იდეა მოგვაკითხავდა. მერე კი სადღაც 2CV ვნახეთ და მილკომ, ვინც ”სიტროენის” კოლექციონერია, მითხრა, რომ ეს ორი ავტომობილი შეგვეწყვილებინა. ჩვენც მაშინვე შევუდექით საქმეს”...

No comments:

Post a Comment