Friday, January 29, 2010

ამერიკელებმა ელექტრომობილებისთვის უნივერსალური პლატფორმა დაამზადეს

Trexa

29 იანვარი

ამერიკულმა კომპანია ”ტრექსამ”, ელექტრომობილებისთვის მოდულური უნივერსალური პლატფორმა შეიმუშავა, რომელსაც ნებისმიერ მსურველს მიჰყიდის, ვისაც საკუთარი ავტომობილის შექმნა სწადია. ელექტროძრავის გარდა, პლატფორმა აკუმულატორების ბლოკითა და მართვის ელექტრონიკითაა აღჭურვილი.

პლატფორმის მზიდი ელემენტის შესაქმნელად, ”ტრექსას” სპეციალისტებმა ფოლადის, ალუმინისა და კარბონის ბოჭკოებით არმირებული თერმოპლასტი გამოიყენეს. მყიდველს სამი სხვადასხვა ბაზის (1625, 2032 და 2438 მმ) მქონე პლატფორმებს შესთავაზებენ.

პლატფორმა ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც ენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან ღებულობენ. მათში შენახული ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ ამ პლატფორმის ბაზაზე დამზადებულმა ელექტრომობილმა, დაახლოებით 170 კილომეტრის გავლა შესძლოს.

ამასთან, ”ტრექსას” პლატფორმის ბაზაზე შექმნილი ავტომობილი, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას დაახლოებით 8 წამში შესძლებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 160 კმ/სთ-ს მიაღწევს. აკუმულატორების დამუხტვა საყოფაცხოვრებო ელექტროქსელიდანაა შესაძლებელი. 240-ვოლტიანი ქსელიდან დამუხტვისას, აკუმულატორების მარაგი სრულად 4 საათში ივსება.

სხვათა შორის, ”ტრექსა” იმითაცაა ცნობილი, რომ მისმა სპეციალისტებმა, ჰიბრიდული ”ტოიოტა პრიუსისთვის”, ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი შექმნა, რომლითაც იაპონურ კომპანიას ნაკლებად ეფექტური, ნიკელ-მეტალოჰიდრიდული აკუმულატორები უნდა შეეცვალა. ეს ბლოკიც საყოფაცხოვრებო ქსელიდან იმუხტება და რაც მთავარია, მისი მეშვეობით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ”პრიუსის” დინამიკური მახასიათებლები. კერძოდ, ასეთი ბლოკით აღჭურვილი ჰიბრიდის სიჩქარე, მხოლოდ ელექტროძრავით გადაადგილებისას, 88 კმ/სთ-მდე გაიზრდება, მისი სვლის სიშორე კი 50 კილომეტრს მიაღწევს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ლითიუმ-იონური აკუმულატორები ავტომობილის ფასსაც გაზრდის, რაც ამ სისტემის მასობრივ წარმოებაში გამოყენების ალბათობას ამცირებს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებს ”ტრექსა” თავისი უნივერსალური პლატფორმის წარმოებას და რა ეღირება ის.

No comments:

Post a Comment