Friday, January 29, 2010

ატელიე EDAG-ი ჟენევისთვის ახალ ”მსუბუქ ავტომობილს” ამზადებს

EDAG To Introduce Updated Light Car at Geneva

29 იანვარი

შარშან,ჟენევის საავტომობილო შოუზე, გერმანულმა საინჟინრო ფირმა EDAG-მა, რომელიც მთელს მსოფლიოში თავისი კონცეპტუალური მოდელებითაა ცნობილი, კონცეპტუალური მოდელი ”ლაით ქარ” (მსუბუქი ავტომობილი) წარმოადგინა, რითაც სპეციალისტების დიდი ყურადღება გამოიწვია.

კონცეპცია იმით იყო საყურადღებო, რომ მასში, ელექტროძრავი და ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი, ავტომობილის ძირზე იყო მოთავსებული. ფირმის პრეს რელიზში ეწერა, რომ ამ ძალური დანადგარებით, ერთჯერადი დამუხტვით, ავტომობილს 150 კილომეტრის გავლა შეეძლო.

კონცეპციაში ისიც საინტერესო იყო, რომ მისი სტრუქტურის 100 პროცენტი ბაზალტის ბოჭკოს კომპოზიტისგან იყო დამზადებული, რომელიც სრულ გადამუშავებას ექვემდებარება. ეს მასალა ალუმინზე მსუბუქი, კარბონის კომპოზიტზე გაცილებით იაფია და რაც მთავარია, იმავე თვისებებით ხასიათდება, როგორებიც ავტოინდუსტრიაში ამჟამად ფართოდ გამოყენებად მასალებს აქვს.

რა თქმა უნდა, კონცეპციაში დიზაინის მხრივაც სხვა ბევრი სიახლეც იყო. მაგალითად, გარემო პირობების შესაბამისად, ავტომატურად რეგულირებადი განათების სისტემა და ინტერიერი, რომელშიც მაჩვენებლების დაფა, მძღოლის პარამეტრების შესაბამისად, იოლად რეგულირდება.

და აი, ჟენევის წლევანდელი შოუსთვის, გერმანული ატელიე იმავე კონცეპციის გაგრძელებას, უფრო სწორედ კი უნივერსალურ პლატფორმას ამზადებს. ეს იქნება ერთგვარი ნახევარფაბრიკატი, რომელშიც არაერთი ინოვაციის გამოყენება იგეგმება. რაც მთავარია, პლატფორმა მსუბუქი მასალებისგან მზადდება და ის კომპაქტური და საშუალო ზომის ავტომობილების ასაგებად იქნება გამოსადეგი. თავად პლატფორმა 1 200 კილოგრამს იწონის და ის იმავე ძალური დანადგარითაა აღჭურვილი, როგორიც EDAG-მა შარშანდელ კონცეპციაზე გამოიყენა.

კომპანიის განცხადებით, ახალი პლატფორმის წარმოებისთვის, შედარებით მცირე საინვესტიციო პაკეტიც საკმარისი იქნება. თუმცა, ამ პაკეტის მოცულობა ჯერ დაზუსტებული არაა. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ამ კონცეპციის შემუშავებისას, ატელიე ერთდროულად რვა პარტნიორის მხარდაჭერით სარგებლობდა.

EDAG-ის განცხადებით, ახალი კონცეპცია ”მსუბუქი ავტომობილი” პატარა კომპანიებისთვის მისწრება იქნება, რადგან მცირე კაპიტალდაბანდებით, ამ პლატფორმაზე მცირესერიული წარმოების აწყობა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. და რაც მთავარია, საბოლოო პროდუქტიც არ იქნება ძვირი.

No comments:

Post a Comment