Wednesday, February 10, 2010

”იაგუარი” შესაძლოა ელექტრომობილის შექმნაზე მუშაობდეს

All-Electric Jaguar XJ Developed?

10 თებერვალი

ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ ავტომწარმოებლებისთვის უმჯობესია, თუ ჯერ ჰიბრიდული მოდელების წარმოებას დაიწყებენ და მერე გადაერთვებიან ელექტრომობილებზე, რადგან ახალი ტექნოლოგიების ათვისება საკმაო ხარჯებთანაა დაკავშირებული და უკეთესი იქნება, თუ ეს პროცესი ეტაპობრივად განვითარდება.

მაგრამ ყველა ასე არ იქცევა და შესაძლოა, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ”იაგუარი” გახდეს - ინგლისურ ჟურნალ ”ავტოქარის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია გვამცნობს, რომ ინგლისური კომპანია შესაძლოა, ელექტრომობილის შექმნაზე მუშაობდეს და ამისათვის ბაზისად სედან XJ-ს გამოიყენებს.

”ავტოქარის” ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ელექტრომობილის შემუშავება პრაქტიკულად დასრულებულია და რომ მას უახლოეს მომავალში ვიხილავთ. იმავე წყაროს ინფორმაციით, ეს ავტომობილი მხოლოდ იმ ბაზრებისთვის იქნება განკუთვნილი, სადაც ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილებს მაღალი გადასახადებით ბეგრავენ და შორს არც ის დროა, როდესაც იქ შიდაწვისძრავიან ავტომობილებს მალე ელექტრომობილები ჩაანაცვლებს. ასეთი ბაზარი კი დღეისათვის აშშ-ის, ეკოლოგიაზე ყველაზე მეტად მზრუნველი შტატი კალიფორნიაა.

”ავტოქარისვე” ინფორმაციით, ”იაგუარის” ელექტრომობილი ერთი, 145-კილოვატიანი (195-ცხენისძალიანი) ელექტროძრავით აღიჭურვება, რომელსაც ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი გამოკვებავს. იმისათვის, რომ ელექტრომობილის სვლის სიშორე გაიზარდოს, ის ასევე აღიჭურვება ინგლისური ”ლოტუსის” მიერ შემუშავებული, სამცილინდრიანი 1.2-ლიტრიანი შიდაწვის ძრავით, რომელიც მასთან დაკავშირებულ გენერატორს აამუშავებს, ეს კი გამომუშავებული ენერგიით აკუმულატორებს, ავტომობილის მოძრაობისას დამუხტავს. ამის წყალობით ელექტრომობილის სვლის სიშორე, აკუმულატორების ერთჯერადი დამუხტვით, 960 კილომეტრს მიაღწევს. ცნობისათვის, სვლის ასეთი სიშორით, ამჟამად გაყიდვაში არსებული ვერცერთი ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილი ვერ დაიკვეხნის.

იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეში შიდაწვის ძრავი იქნება ჩართული, ”იაგუარის” ელექტრომობილს 100 კილომეტრის გასავლელად მხოლოდ 4.1 ლიტრი საწვავი დასჭირდება, რაც ლუქსის კლასის ავტომობილისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შემცირდება გამონაბოლქვში CO2-ის შემცველობა (120 გრ/კმ-ზე დაბლა).ელექტრომობილის მაქსიმალური სიჩქარე კი 180 კმ/სთ-ს მიაღწევს.

”იაგუარ ლენდ როვერს” ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არც დაუსასტურებია და არც უარუყვია. თუმცა მოსალოდნელია, რომ ჟენევის ავტო შოუზე, ამასთან დაკავშირებით, ბევრი რამ გაირკვევა.

No comments:

Post a Comment