Wednesday, February 10, 2010

”ვოლვო” ჟენევაში განახლებულ სედან S60-ს გვიჩვენებს

Volvo S60

10 თებერვალი

შვედურმა კომპანია ”ვოლვომ” თავისი განახლებული სედანის, S60-ის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია, ამ ავტომობილის ჟენევურ მსოფლიო პრემიერამდე ერთი თვით ადრე გამოაქვეყნა. პრეს რელიზში ნათქვამია, რომ ეს ავტომობილი თავის კლასში საუკეთესო უნდა გახდეს.

ძნელი სათქმელია, აჯობებს თუ არა განახლებული S60 თავის გერმანელ მეტოქეებს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ”ვოლვომ” მისი წინამორბედი სულ მილიონი ცალი გაყიდა, რაც დიდი მიღწევა იყო. ჰოდა, შვედურ კომპანიაში იმედოვნებენ, რომ განახლებული სედანიც იმავე ტირჟით გაიყიდება. თუმცა, გაყიდვების დაწყებიდან პირველ წელს, სულ რაღაც 90 000 ცალი S60-ის გაყიდვა იგეგმება.

”ვოლვოს” მთავარ დიზაინერ პიტერ ჰორბერის განცხადებით, წინამორბედისგან განსხვავებით, ახალი S60 უფრო სადა სტილშია შესრულებული და რაც მთავარია, მის გარეგნობაში ”ვოლვოს” სტილი ადვილად გამოიცნობა. შვედურ კომპანიაში აცხადებენ, რომ შასისა და საკიდარის დახვეწის ხარჯზე, მათ კომპანიის ისტორიაში ყველაზე დინამიური ავტომობილი შექმნეს.

მყიდველისთვის ხელმისაწვდომი იქნება ორი კომპლექტაცია - ”კომფორტი” და ”დინამიკი”. ამათგან პირველს შედარებით რბილი საკიდარი ექნება, მეორეს კი - ხისტი. ახალი ავტომობილისთვის განკუთვნილია ბენზინის ორი (2.0 და 3.0-ლიტრიანი, შესაბამისად 203 და 304 ცხ.ძალით) და ამდენივე დიზელის (163 და 205 ცხ.ძალით) ძრავი. ცოტა ხანში მათ სიას კიდევ ოთხი ძრავი დაემატება.

ახალი S60 უსაფრთხოების უამრავი სისტემითაა აღჭურვილი, რომელთაგან ყველაზე მეტად ფეხით მოსიარულეთა დაცვის სისტემა გამოირჩევა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ავტომობილის სრულ გაჩერებას ავტომატურად უზრუნველყოფს. ოღონდ, საწყისი სიჩქარე 35 კმ/სთ-ზე მეტი არ უნდა იყოს.

ჯერჯერობით უცნობია ახალი S60-ის ფასი. ის ალბათ ავტომობილის გაყიდვამდე ცოტა ხნით ადრე გამოცხადდება, მისი გაყიდვები კი ზაფხულში დაიწყება.

No comments:

Post a Comment