Sunday, February 21, 2010

”ნისანმა” ახალი ”პატრული” გაგვაცნო

Nissan Patrol Video Released

20 თებერვალი

”ნისანმა” აბუ დაბიში თავისი პოპულარული უგზოობის მოდელის, ”პატრულის” ახალი თაობის პრეზენტაცია ჩაატარა, რომლის დროსაც, იაპონური კომპანიის დიზაინის განყოფილების შეფმა ტაიძი ტოიოტამ განაცხადა, რომ ახალი ავტომობილის დიზაინი კონცეპტუალურ მოდელ ”ტერანავტის” სტილშია შესრულებული.

წინამორბედთან შედარებით, ახალ ”პატრულს” ნაკლებად უხეში გარეგნობა აქვს. დიზაინის გარდა, მასში ძირითადი ძრავიც და გადაცემათა კოლოფიც ახალია. შეიცვალა პლატფორმაც, რის გამოც, უკანა სავარძლების მგზავრების ფეხებისთვის განკუთვნილი სივრცის სიგრძე 10 სანტიმეტრით გაიზარდა. ასევე გაზრდილია სავარძლების მესამე რიგის სივრცეც.

ახალი ”პატრული” ბენზინის 5.6-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი (წინა ”პატრული” 4.8-ლიტრიანი V8 ძრავით გამოდიოდა), რომელსაც საწვავი უშუალოდ წვის კამერაში მიეწოდება. ამ აგრეგატის მაქსიმალური სიმძლავრე 400 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 550 ნიუტონმეტრია. მასთან 7-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია შეწყვილებული.

ახალი პატრულის” ოთხივე ბორბალი შასის დამოუკიდებელი საკიდარის მეშვეობით უკავშირდება, მოდერნიზაცია ჩაუტარდა სამუხრუჭე სისტემას - ავტომობილის ეფექტურ შენელებას ოთხცილინდრიანი დამჭერები უზრუნველყოფს. ის ასევე აღჭურვილია აღმართზე ასვლისა და დაშვების, ასევე HBMC სისტემით, რომელიც მოსახვევების გავლისას, ძარის გადახრას ამცირებს.

წინამორბედთან შედარებით, უფრო მდიდრულადაა გაწყობილი ახალი ”პატრულის” სალონი. ამასთან, სურვილის შემთხვევაში, მყიდველს შეუძლია შეუკვეთოს მულტიმედიური სისტემა, რომელიც მეორე რიგის მგზავრებს 7-დუიმიანი მონიტორების დახმარებით გაართობს.

ჯერჯერობით ცნობილი არაა ახალი ”ნისან პატრულის” ფასი. სამაგიეროდ, უკვე ვიცით, რომ იაპონური კომპანია მის გაყიდვას ამ წლის ბოლოს დაიწყებს.

No comments:

Post a Comment