Tuesday, February 2, 2010

ახალი ”ფორდ ფოკუსის” დეტროიტული დებიუტი

Ford Focus

2 თებერვალი

იყო დრო, როდესაც დიდი საავტომობილო შოუების დამთვალიერებლები იქ უამრავ სრულიად ახალ ავტომობილს ნახულობდნენ, რომელთა შესახებაც, ადრე არაფერი სმენოდათ. მაგრამ ინტერნეტის განვითარებამ, ეს ტრადიცია შეცვალა - დღეს თითქმის ყველა ავტომწარმოებელი თავის სიახლეზე ინფორმაციას გამოფენებამდე აქვეყნებს, ან ამ ინფორმაციის ”შემთხვევით” გაჟონვას უწყობს ხელს, რათა პოტენციური მყიდველის წინასწარი დაინტერესება გამოიწვიოს. მაგალითად, უკვე დღეს, შეიძლება იმის გაგება, თუ რას ნახავთ ჟენევის საავტომობილო შოუზე, რომელიც მარტში გაიმართება.

იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე, რომ ზოგი მწარმოებელი ბოლომდე ინახავს თავის სიახლეს და საპრეზენტაციო პრესკონფერენციამდე, მის შესახებ არაფერს გვამცნობს. ასე რომ, გამოფენაზე მისულ ჟურნალისტებს ეჭვიც კი არ აქვთ იმაზე, თუ რა შეიძლება ნახონ. ყველაზე ხშირად, სიურპრიზების მეთოდს ”ფორდი” იყენებს, რომელმაც დეტროიტის ჩრდილოამერიკულ საერთაშორისო საავტომობილო გამოფენაზე თავისი ბესტსელერის, ”ფოკუსის” ერთბაშად ორი - ჰეჩბეკის და სედანისძარიანი ვერსია წარმოადგინა.

”ფოკუსი” ეგრეთ წოდებული ”გოლფის” კლასის, ევროპული C სეგმენტის ერთ-ერთი ლიდერია და ბუნებრივია, მისი გაყიდვების მოცულობაზე ბევრადაა დამოკიდებული ”ცისფერი ოვალის” კეთილდღეობა. ამ სეგმენტში მისი მეტოქეები ”ფოლკსვაგენ გოლფი” და ”ოპელ ასტრაა”, რომელთაგან პირველის მეექვსე თაობის მოდელი ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა, მეორის მეოთხე თაობის მოდელის დებიუტი კი შარშან, ფრანკფურტის გამოფენაზე შედგა.

ბუნებრივია, მთავარი კონკურენტების ასეთი აქტიურობა ”ცისფერ ოვალს” უპასუხოდ არ უნდა დაეტოვებინა და დირბორნელებმაც არ დააყოვნეს - დეტროიტის ავტო შოუს დამთვალიერებელს მათ ”ფოკუსი” ერთდროულად, სედანის და ჰეჩბეკის ძარით უჩვენეს. სხვათა შორის, სამივე ავტომობილი გერმანიაშია შექმნილი და ამიტომ, გასაკვირი სულაც არაა, რომ სამივე თავ-თავისი მწარმოებლის გაყიდვების ლიდერია.

ახალი ”ფოკუსი” სრულიად ახალ, გლობალურ პლატფორმაზე დგას, რომელიც ძველი მოდელის პლატფორმის ძირეულად გადაკეთებული ვარიანტია. იგივე პლატფორმა ”ფორდმა” კიდევ ორ მოდელზე - С-MAX-სა და ”გრანდ С-MAX-ზე” გამოიყენა, რომელთა გაყიდვებიც წლის მეორე ნახევარში დაიწყება. მთავარი ცვლილება უკანა საკიდარს შეეხო, რომლის ბორბლებსაც ძალიან მცირე კუთხით შეუძლია მობრუნება.

ახალ ”ფოკუსზე” საჭის მექანიზმიც შეცვლილია - მას ახალი ელექტროგამაძლიერებელი აქვს. ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი ვერსია გამწევი ძალის წამყვან ბორბლებს შორის გამანაწილებელი სისტემითაა (დინამიკ ქორნერინგ კონტროლ) აღჭურვილი, რომელიც დაახლოებით ისევე მუშაობს, როგორც ღერძებსშორისი დიფერენციალის ბლოკირების სისტემა.
ახალი ”ფოკუსი” ძრავების ახალ გამასაც მიიღებს. მისი ევროპული ვერსიისთვის მთავარი აგრეტატია ბენზინზე მომუშავე 1.6-ლიტრიანი ტურბომოტორი (სერია ეკობუსტი). ამერიკული ვერსიისთვის კი მთავარი აგრეგატი იქნება 2.0-ლიტრიანი ძრავი საწვავის პირდაპირი შეფრქვევით, რომელიც 155 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს ძრავი წინამორბედზე 20 პროცენტით ეკონომიური და 10 პროცენტით ეკოლოგიურია. ძრავს ან 6-საფეხურიანი მექანიკური, ან ამდენივე საფეხურის მქონე ნახევრად ავტომატური კოლოფი შეუწყვილდება. ამ უკანასკნელსა და ძრავს შორის ”შუამავლად” კი გადაბმის ორმაგი ქურო იმუშავებს.

ახალ ”ფოკუსს” სრულიად განახლებული ინტერიერიც ექნება. მასზე შეცვლილია ცენტრალური დაფა, რომელზეც მაჩვენებლებს განსხვავებული განლაგება აქვს. დაფის ცენტრალურ ნაწილში კი დიდრონი მონიტორია მოთავსებული. სალონში სიახლეა მულტიმედიური კომპლექსი ”მაიფორდ”, რომელიც ამერიკული ბაზარისთვის განკუთვნილ ვერსიაზე, საკომუნიკაციო სისტემა SYNC-თანაა ინტეგრირებული. ამ სისტემის დახმარებით, მძღოლი სისტემების უმრავლესობის მართვას 8-დუიმიანი სენსორული მონიტორის მეშვეობით შესძლებს.

უნდა ითქვას, რომ ”ფოკუსის” ახალ გლობალურ პლატფორმაზე, ”ფორდი” კიდევ 10 ახალი ავტომობილის წარმოებას გეგმავს (ამ მოდელებს შორის არ იგულისხმება ზემოთ ნახსენები С-MAX-ი და გრანდ С-MAX-ი). რაც მთავარია, ამერიკული და ევროპული ბაზრებისთვის განკუთვნილ მოდელებს შორის სხვაობა 20 პროცენტზე მეტი არ იქნება.

”ფორდი” ახალი ”ფოკუსის” წარმოებას ამ წლის ბოლოს დაიწყებს, გაყიდვები კი მომავალი წლის ბოლოს დაიწყება. მერმისვე მოსალოდნელია ბაზარზე ”ფოკუსის” ბაზაზე შექმნილი ელექტრომობილის გამოჩენაც. ამ უკანასკნელს და მასთან ერთად, ახალ პლატფორმაზე ბაზირებულ კიდევ შვიდ ავტომობილს, რომლებიც ამერიკული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, მიჩიგანის ქარხანაში დაამზადებენ. ამ შვიდეულს შორის აუცილებლად იქნება С-MAX-ი და ”ისკეიპი”, ასევე ”მერკური მარინერი” და ამ მარკის კიდევ ერთი ავტომობილი (ჯერ დაზუსტებული არაა). დანარჩენ სამზე ჯერ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ამ სამეულში შევა ”ლინკოლნის” პირველი კომპაქტური ავტომობილი, რომლითაც პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელი ეს ბრენდი კონკურენციას ”მერსედეს ბენცისა” და ”ბეემვეს” შესაბამის მოდელებს გაუწევს.

დაბოლოს, ”ფორდი” იმედოვნებს, რომ ახალი ”ფოკუსის” პლატფორმაზე ბაზირებული ავტომობილების გაყიდვების მოცულობა 2012 წელს ორ მილიონს გასცდება.

No comments:

Post a Comment