Sunday, February 21, 2010

”პეჟო” ”ხუთიანს” ჟენევაში გაგვაცნობს

5 by Peugeot to Be Unveiled at Geneva

20 თებერვალი

ეკონომიკური კრიზისი დასასრულს უახლოვდება და ეს ტენდენცია საავტომობილო ბაზარზეც იგრძნობა. ჰოდა, ავტომწარმოებლები ცდილობენ, ეკონომიკურად მომძლავრებულ ავტომოყვარულებს ახალი ავტომობილები შეაგებონ და ამით მოთაფლონ ავტომობილის საყიდლად მომზადებულები. პარალელურად კი, ისინი ისეთ კონცეპციებს ქმნიან, რომლებითაც მათი მომავალი პროდუქტის ახლავე გაცნობა შეიძლება.

საავტომობილო ბაზრის გამოცოცხლების მაუწყებელი პირველი მერცხალი ჟენევის საავტომობილო შოუ გახდება, რომელზეც არნახულად ბევრი ექსპონატის ხილვა იქნება შესაძლებელი. ჩვენ უკვე არაერთი ახალი და კონცეპტუალური ავტომობილის გაცნობა მოვასწარით, რომლებსაც მსოფლიო პირველად სწორედ ჟენევაში იხილავს. ერთ-ერთი ასეთი კი იქნება ”პეჟოს” ახალი კონცეპტუალური მოდელი, რომელსაც ”ლომებმა” ”ხუთიანი პეჟოსგან” უწოდეს.

ეს არის ჰიბრიდული ავტომობილი, რომელშიც, ძალური დანადგარის გარდა, საინტერესო მისი დიზაინიცაა. ეს მანქანა კონცეპტუალური SR1-ის მოდიფიცირებული, უფრო დახვეწილი ვერსიაა, რომელიც ახლოს დგას საწარმოო ვარიანტთან და ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოდელ 509-ს, რომელმაც ერთბაშად ორი მოდელი, 407 და 607 უნდა შეცვალოს, სწორედ ასეთი გარეგნობა ექნება.

”ხუთიანი პეჟოსგან” აღჭურვილია ჰიბრიდული სისტემით, რომლის მთავარი აგრეგატიც Hdi სერიის 2.0-ლიტრიანი დიზელია. ამ ძრავის სიმძლავრე 163 ცხენის ძალაა და ის ავტომობილის წინაა განლაგებული. მასთან კი 37-ცხენისძალიანი ელექტროძრავია შეწყვილებული, რომელიც უკანაა მოთავსებული.

ამ ავტომობილს მხოლოდ ელექტროძრავით მცირე მანძილზე გადაადგილება შეუძლია. სამაგიეროდ, როდესაც ორივე ძრავი მუშაობს, ის სრულამძრავიანი ხდება. ჯერჯერობით ”ლომები” მის დინამიკურ მახასიათებლებზე არაფერს ამბობენ. სამაგიეროდ, გვპირდებიან, რომ ”ხუთიანს” 100 კილომეტრის გასავლელად, 3 ლიტრი საწვავი ეყოფა, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროს მხოლოდ 99 გრამი ნახშირორჟანგით დააბინძურებს. და როცა მხოლოდ ელექტროძრავით ივლის, გამონაბოლქვი საერთოდ არ ექნება.

No comments:

Post a Comment