Sunday, February 14, 2010

”ნისანი” ახალ ქროსოვერზე დიდ იმედებს ამყარებს

Nissan wants Juke to match success of Qashqai in Europe

13 თებერვალი

”ნისან მოტორი” იმედოვნებს, რომ მისი უახლესი კომპაქტური ქროსოვერი ”ჯუკი” ევროპაში ისეთივე პოპულარული იქნება, როგორიც მასზე ოდნავ დიდი ”ქაშკაია”. ”ჯუკის” მსოფლიო პრემიერა ჟენევის ავტო შოუზე გაიმართება, მის გაყიდვებს კი იაპონური კომპანია სექტემბრის ბოლოს დაიწყებს.

”ამ მანქანას ფართო სალონიც აქვს და იმევდროულად ის კომპაქტურია. ის ერთი შეხედვით ახოვანიც მოჩანს, თუმცა იმავდროულად, ძალიან დინამიურიცაა. პრაქტიკულიცაა და ახალგაზრდულიც. ეს ის თვისებებია, რომლებიც თითქოს, ერთმანეთს ეწინააღმდეგება, თუმცა ყველა ”ჯუკს” ახასიათებს და მთლიანობაში, რაღაც უნიკალურს ქმნის”, - თავისი კომპანიის სიახლე ასე უცნაურად დაახასიათა ”ნისან იუროპის” ვიცე პრეზიდენტმა პიერ ლოინგმა, ვინც პროდუქციის დაგეგმვაზეა პასუხისმგებელი.

”ჯუკი” იაპონური კომპანიის ევროპულ დიზაინ ცენტრის სპეციალისტებმა, ლონდონში შეიმუშავეს, ამ ავტომობილს კი ”ნისანის” ოპამას (იაპონია) და სანდერლენდის (ბრიტანეთი) ქარხნები გამოუშვებს. სხვათა შორის, ”ქაშკაისაც” სანდერლენდის საწარმო უშვებს, რომელსაც, ამ ქროსოვერზე არსებული მზარდი მოთხოვნის გამო, უკვე სამ ცვლაში ამუშავებენ.

ცნობისათვის, ბოლო წლებში, ”ნისანი” თავის ევროპულ ბიზნესში აქცენტს ქროსოვერებზე აკეთებს, რადგან ძველ კონტინენტზე მისი სედანები დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობს. სწორედ ქროსოვერების დამსახურებაა ის ფაქტი, რომ შარშან, როდესაც ევროპულ ბაზარზე გაყიდვების მოცულობა შემცირდა, იაპონურმა კომპანიამ წინა წელთან შედარებით, 9 პროცენტით მეტი, 366 711 ავტომობილი გაჰყიდა. ევროპაში ”ნისანის” ბესტსელერი სწორედ ქროსოვერი ”ქაშკაია”, რომელიც შარშან ძველ კონტინენტზე 181 711 ცალი გაიყიდა (წინა წელთან შედარებით, 25.4 პროცენტით მეტი).

”ნისანი” იმედოვნებს, რომ წელს მთელ მსოფლიოში 140 000-150 000 ცალ ”ჯუკს” გაჰყიდის. კომპანია აცხადებს, რომ ამ ავტომობილისთვის მთავარი ბაზარი ევროპა იქნება, რომელიც ამ ქროსოვერის წლიური გაყიდვების 60-70 პროცენტს აითვისებს. ”ნისანის” აღმასრულებელ ვიცე პრეზიდენტ კოლინ დოჯის თქმით, ”ჯუკის” მყიდველთა დიდი ნაწილი 30-40 წლის მამაკაცები იქნებიან.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ”ნისანი” ჯერჯერობით ჩინეთში ”ჯუკის” გაყიდვას არ გეგმავს. ამას კი დოჯი შემდეგნაირად განმარტავს: ”ჩინეთის ბაზარი სულ რაღაც 5-8 წლისაა და არავინ იცის, ხვალ როგორ შეიცვლება იქაური მყიდველის გემოვნება. ახლანდელი ავტომფლობელების უმეტესობა, თავის შემდეგ ავტომობილს იმავე კლასიდან არ შეიძენს, რომელი კლასის მანქანაც პირველად შეიძინა. მაგრამ 4-5 წლის შემდეგ იქ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება და ჩვენც საბაზრო სტრატეგიას აუცილებლად გადავხედავთ”.

ძნელია, დაეთანხმო მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებლის გამოცდილი ფუნქციონერის ასეთ პასიურობას, მითუმეტეს, როცა იცი, რომ ”ჯენერალ მოტორსი” და ”ფოლკსვაგენი” ცისქვეშეთში გაყიდვებს თითქმის ყოველწლიურად აორმაგებენ.

რაც შეეხება ”ჯუკს”, იაპონური კომპანია თავის მყიდველს ამ ავტომობილს სრულამძრავიანი, ან წინა წამყვანბორბლიანი ტრანსმისიებით შესთავაზებს. სრულამძრავიანი ტრანსმისიის ელექტრონული სისტემა მაბრუნ მომენტს წინა და უკანა ღერძებს შორის სიტუაციის შესაბამისად, იმგვარად ანაწილებს, რომ მოხვევის დროს მოქნევის და მოცურების ალბათობა მაქსიმალურად გამოირიცხოს.

”ჯუკისთვის” ევროპულ ბაზარზე სულ სამი ძრავია გათვალისწინებული, რომელთაგან ერთი დიზელზე მუშაობს, ორი კი - ბენზინზე. ყველა მათგანი ევრო5 სტანდარტს აკმაყოფილებს.

No comments:

Post a Comment