Sunday, February 14, 2010

”აუდი A1” კონკურენციას ”ბეემვეს” ”მინის” გაუწევს

Audi aims new A1 at BMW's Mini

13 თებერვალი

”აუდიმ” ინტერნეტით თავისი სრულიად ახალი ავტომობილის, კომპაქტურ ჰეჩბეკ A1-ის ფოტოები და ზოგადი ინფორმაცია გამოაქვეყნა და გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილით, კონკურენციას გაუწევს ისეთ სერიოზულსა და პოპულარულ მეტოქეს, როგორიც ”ბეემვეს” რეტრო-სტილის ”მინია”.

ახალი ავტომობილის გაყიდვები ევროპულ ბაზარზე მაისში დაიწყება, სადაც ის 16 000 ევროდ გაიყიდება. შედარებისთვის, ”მინის” ევროპული ფასი ოდნავ მაღალი - 16 600 ევროა. ეს გარემოება კი ინგოლშტადტელებს იმედს აძლევს, რომ მათი ახალი ავტომობილი ისეთივე პოპულარული გახდება, როგორიც ”მინია”.

”აუდი A1-ის” ძრავების გამაში ჯერჯერობით მხოლოდ ოთხი აგრეგატია - ორი ბენზინის და ამდენივე დიიზელის. ამასთან, ჰეჩბეკის საბაზო აღჭურვაში შედის საწვავის დამზოგავი სტოპ-სტარტ სისტემა და მუხრუჭების ენერგიის რეგენერაციის სისტემა.

ყველაზე ეკონომიური A1 აღჭურვილია 90-ცხენისძალიანი 1.6-ლიტრიანი დიზელით, რომელიც ”ფოლკსვაგენ გოლფზეც” გამოიყენება. ეს ძრავი, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 99 გრამ CO2-ს გამოჰყოფს და 100 კილომეტრს სულ რაღაც 3.8 ლიტრი საწვავით გადის.

საბაზო ძრავი კი 1.2-ლიტრიანი ბენზინის აგრეგატია, რომლის სიმძლავრეც სულ რაღაც 86 ცხენის ძალას შეადგენს. ამ ძრავით აღჭურვილ ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად 5.1 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, ყოველ კილომეტრზე კი ის გარემოს 119 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს. შედარებისთვის, ”მინის” მსგავსი მონაცემების მქონე აგრეგატი 1.6-ლიტრიანი ძრავია, რომლის სიმძლავრეც 98 ცხენის ძალაა. 100 კილომეტრზე მისი ხარჯი 5.4 ლიტრია, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი კილომეტრზე 127 გრამს აღწევს.

”აუდი A1-ის” მსოფლიო დებიუტი ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე გაიმართება. ეს ავტომობილი ”ფოლკსვაგენის” სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ ”პოლოს” პლატფორმაზეა ბაზირებული და მას ”აუდის” ბრიუსელის (ბელგია) ქარხანა გამოუშვებს. დასაწყისში, ბაზარზე A1-ის სამკარიანი ვერსია გამოვა, მოგვიანებით კი მას ხუთკარიანი ვარიანტიც მოჰყვება.

ჰეჩბეკი A1 ”აუდის” იმ გეგმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, რომლის მიხედვითაც, ინგოლშტადტელებს გაყიდვების მოცულობით ორი მთავარი გერმანული კონკურენტის - ”ბეემვეს” და ”მერსედეს ბენცის” უკან ჩამოტოვება და პრემიუმ კლასში მსოფლიო ლიდერობა აქვთ განზრახული.

სამოდელო გამაში სუბკომპაქტური A1-ის და დიდი ზომის ოთხკარიან კუპე A7-ის დამატებით, ”აუდი” თავის წლიურ გაყიდვებს 2015 წელს 1.5 მილიონ ავტომობილამდე გაზრდის. შედარებისთვის, გერმანულმა კომპანიამ შარშან სულ 949 700 ავტომობილის გაყიდვა შეძლო.

”აუდი” იმედოვნებს, რომ წლიურად 80 000 A1-ის გაყიდვას შესძლებს. წინასწარი ვარაუდით, მყიდველთა უმეტესობა ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდობა (25-35 წლის) იქნება, რომლებიც ”მინის” რეტრო სტილზე მაღლა ”აუდის” სუბკომპაქტის თანამედროვე სტილს დააყენებენ.

”აუდის” ამ ეტაპზე A1-ის მხოლოდ ევროპის ბაზარზე გაყიდვა აქვს დაგეგმილი. ”აუდი ოფ ამერიკას” პრეზიდენტ იოჰან დე ნისხენს ნათქვამი აქვს, რომ მისი კომპანია მეორე თაობის A1-ს ამერიკაშიც გაჰყიდის, თუმცა ამ ავტომობილს გერმანული კომპანია უახლოესი რვა წლის განმავლობაში არ გამოუშვებს.

No comments:

Post a Comment