Wednesday, March 24, 2010

მეორე თაობის ახალ ”ხოჭოს” ნოემბერში ვიხილავთ

Gen 2 VW New Beetle May Arrive in November

24 მარტი

ბრიტანულმა ჟურნალმა ”ავტოქარმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ყველაზე მეტად, ავტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილის, ”ფოლკსვაგენ ბიტლის” თაყვანისმცემლებს გაახარებს - ნოემბერში, ლოს ანჯელესის ავტო შოუზე, გაიმართება ”ფოლკსვაგენის” ”ახალი ხოჭოს” მეორე თაობის მოდელის პრეზენტაცია.

”ავტოქარისვე” ცნობით, ახალ ავტომობილს ყველაფერი - ძარა, ძრავები და გადაცემათა კოლოფიც ახალი ექნება. ჟურნალის წყაროს ინფორმაციით, ახალი ”ახალი ხოჭო” ბენზინსა და დიზელზე მომუშავე სამ-სამ ძრავს მიიღებს.

ბენზინის ძრავებია: 1.2-ლიტრიანი 105 ცხენის ძალით, 1.4-ლიტრიანი 160 ცხენის ძალით და 2.0-ლიტრიანი 210 ცხენის ძალით. დიზელის ძრავებია 1.6-ლიტრიანი 105 ცხენის ძალით, 2.0-ლიტრიანი 140 ცხენის ძალით და ამერიკის ბაზრისთვის - 2.5-ლიტრიანი 170 ცხენის ძალით.

რაც მთავარია, ახალი ”ახალი ხოჭო” წინამორბედზე გრძელიც იქნება და განიერიც. გავრცელებული ინფორმაციით, ”ფოლკსვაგენი” მას ”ბეემვეს” ”მინისთან” საკონკურენციოდ ამზადებს. იგივე წყარო გვამცნობს, რომ გარეგნულად ის ძლიერ დაემგვანება კონცეპტუალურ ”რაგსტერს”, რომელიც ვოლფსბურგელებმა დეტროიტის 2005 წლის გამოფენაზე გვიჩვენეს. თუმცა, ალბათ მასზე ნაკლებად აგრესიული დიზაინი ექნება.

No comments:

Post a Comment