Thursday, March 25, 2010

”კრაისლერი” ”ფიატ 500-ის” ბაზაზე ელექტრომობილს გამოუშვებს

Fiat 500 to be Chrysler's electric debut

25 მარტი

”კრაისლერმა” გამოაცხადა, რომ ”ფიატის” პოპულარულ მოდელ 500-ის პლატფორმაზე ელექტრომობილს დაამზადებს და მის წარმოებას 2012 წელს დაიწყებს. ავტომობილი, რომელსაც ”ფიატ 500EV” დაერქმევა, ამერიკული და იტალიური კომპანიების პირველი ერთობლივი პროექტი გახდება მას შემდეგ, რაც მათ ალიანსი შექმნეს.

”ალიანსი ”ფიატთან” ”კრაისლერს” ახალ შესაძლებლობებს აძლევს. ჩვენთვის ხელმისაწვდომი ახალი პლატფორმები ხდება, ჩვენი თანამშრომლობის პირველი შედეგი კი ”ფიატ 500EV” იქნება. ”ფიატ 500-ს” მომცრო, მსუბუქი პლატფორმა აქვს, რომელიც საუკეთესოდ მიესადაგება ელექტრულ ტექნოლოგიებს”, - ამბობს ”კრაისლერის” ჯგუფის საინჟინრო ჯგუფის უფროსი ვიცე პრეზიდენტი სკოტ კუნსელმანი.

”ფიატ 500-ის” ბაზაზე შექმნილი პირველი ელექტრომობილის პროტოტიპი ”კრაისლერმა” და ”ფიატმა” დეტროიტის წლევანდელ ავტო შოუზე წარადგინეს, თუმცა მაშინ არაფერი თქმულა იმაზე, თუ როდის გამოჩნდებოდა მისი სერიული ვარიანტი ბაზარზე. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ელექტრომობილი ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკით აღიჭურვება, რომლის ერთი სრული დამუხტვაც 100 კილომეტრის გასავლელად იქნება საკმარისი.

წარმოების დასაწყისში, ”ფიატ 500EV” მხოლოდ ამერიკული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. რა თქმა უნდა, ჯერ მისი სავარაუდო ფასიც კი არ ქვეყნდება, თუმცა ამერიკული კომპანია აცხადებს, რომ ელექტრომობილის ღირებულება, შესაბამის კლასში კონკურენტუნარიანი იქნება. ინტერნეტში გავრცელებული ვარაუდით, მისი ფასი ამერიკაში 30 000 დოლარის ფარგლებში იქნება.

ელექტრომობილის გარდა, ალიანსი მისი შესაფერისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვასაც იწყებს. ის აკუმულატორების სწრაფად დასამუხტი სადგურების ქსელის შექმნას ითვალისწინებს. თუმცა, ჯერჯერობით, ამ პროექტის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება.

No comments:

Post a Comment