”ფოლკსვაგენმა” ახალი 3-ცილინდრიანი დიზელის ძრავი წარმოადგინა
Volkswagen Presents New 3-Cylinder Diesel Engine
2 მაისი
ვენაში ჩატარებულ 31-ე საერთაშორისო მოტორ სიმპოზიუმზე, ”ფოლკსვაგენმა” TDI სერიის ახალი დიზელის ძრავი წარადგინა, რომლის მუშა მოცულობა 1.2 ლიტრია, ცილინდრების რაოდენობა კი - 3. ვოლფსბურგელებმა პრეზენტაციაზე ხაზი ამ ძრავის ეკონომიურობასა და გარემოსადმი მეგობრულობას გაუსვეს.
”ფოლკსვაგენის” ჯგუფის მომავლის ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ვოლფგანგ შტაიგერი ამბობს, რომ თანამედროვე ინდუსტრიაში ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების წილის ზრდის მიუხედავად, შიდაწვის ძრავებს კვლავაც აქვს მომავალი. სწორედ ამიტომ, ვოლფსბურგელები ასეთი ძრავების დახვეწაზე მუშაობის გაგრძელებას კვლავაც აპირებენ.
შტაიგერის თქმით, გარემოზე ზრუნვა და ეკონომიკური კრიზისი, კომპანიებს ახალი ძრავების შემუშავებისკენ უბიძგებს და ამას ხელს პოლიტიკოსებიც უწყობენ, რომელთათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია გარემოსადმი ზრუნვა. თუმცა, ხშირად საქმე მაშინ ფერხდება, როდესაც საქმე ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების რეკლამას ეხება. ამიტომ, შიდაწვის ძრავებს ჯერაც რჩებათ განვითარების პერსპექტივა.
მისი აზრით, შიდაწვის ძრავები აქტუალობას განსაკუთრებით სატვირთო ავტომობილებსა და შორეული რეისების ავტობუსებში შეინარჩუნებენ, ამის მიზეზი კი აკუმულატორების ტევადობის შედარებით მცირე რესურსი და მათი სწრაფად დამუხტვის პრობლემურობაა.
რაც შეეხება ახალ ძრავს, მიუხედავად მისი კომპაქტურობისა და მცირე მუშა მოცულობისა, ის 75 ცხენის ძალას და 180 ნიუტონმეტრს (2 000 ბრ/წთ-ზე) იძლევა. ამ ძრავით, პირველ რიგში, სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ ”პოლოს” ეკონომიური ვერსია ”ბლუმოუშნი” აღიჭურვება.
პოლიგონზე ჩატარებული ტესტების დროს გამოვლინდა, რომ ”პოლო 1.2 TDI ბლუმოუშნი” 100 კილომეტრს 3.3 ლიტრი საწვავით გადის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროს მხოლოდ 87 გრამი CO2-ით აბინძურებს. ამასთან, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 12 წამში შეუძლია.
”პოლო 1.2 TDI ბლუმოუშნის” გაყიდვები მაისში დაიწყება.
No comments:
Post a Comment