”ჯილი” მსოფლიოს უიაფეს ავტომობილს გამოუშვებს
Geely's £1500 Nano rival
6 მაისი
ჩინური საავტომობილო კომპანია ”ჯილი”, რომელმაც ახლახანს ”ფორდისგან” შვედური ”ვოლვო” გამოისყიდა, მალე ახალი სუბკომპაქტური ჰეჩბეკის წარმოებას დაიწყებს, რომელიც, კომპანიის ხელმძღვანელთა განცხადებით, მსოფლიოს უიაფესი ავტომობილის წოდებას ”ტატა ნანოს” ჩამოართმევს.
წინასწარი ინფორმაციით, ახალი ავტომობილის ფასი 1760-2350 ევროს ფარგლებში მოექცევა. შედარებისთვის, ინდური კომპანიის უიაფესი ავტომობილი - ”ტატა ნანო” უკვე დაახლოებით 2900 ევრო ღირს. მისი წარმოების დასაწყისში, ამ ავტომობილის ღირებულება 2500 დოლარი იყო.
”ჯილის” წარმომადგენელთა განცხადებით, გარეგნულად ახალი ჰეჩბეკი კონცეპტუალურ ჰიბრიდულ მოდელ IG-ს დაემსგავსება, რომლის პრემიერაც ახლახანს, პეკინის საავტომობილო შოუზე გაიმართა.
ამ კონცეპტუალურ ავტომობილს თოლიას ფრთის ტიპის კარები გამოარჩევს, თუმცა მისი წარმოების თვითღირებულების შესამცირებლად, სერიულ ვერსიაზე ჩვეულებრივ კარებებს დააყენებენ. ავტომობილს ორი სრულფასოვანი და ორიც ფსევდო ადგილი ექნება. შესაბამისად, მისი ჩასაჯდომი ფორმულაა 2+2.
კონცეპტუალური IG-ს გაბარიტები სერიულ მოდელზეც უცვლელად დარჩება. მისი სიგრძე 3.085 მეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი 2.100 მეტრია. ეს კი ”ტოიოტას” ჯუჯა iQ-ს შესაბამის პარამეტრებზე, 0.185 და 0.100 მეტრით მეტია.
ჩინურ კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი ჰეჩბეკის ხარისხი გაცილებით მაღალი იქნება ”ტატა ნანოსაზე”. ამასთან, მის კაპოტქვეშ განთავსდება ბენზინის ძრავი, რომლის მუშა მოცულობა 0.988 ლიტრი, მაქსიმალური სიმძლავრე კი 69 ცხენის ძალაა. ამ აგრეგატს კი უსაფეხურო ვარიატორი შეუწყვილდება.
სავარაუდოდ, ”ტატა ნანოს” ჩინური კონკურენტის წარმოება 2012 წელს დაიწყება. უფრო მოგვიანებით კი, ”ჯილი” მის ბაზაზე ელექტრომობილს მოამზადებს, რომელიც 80-ცხენისძალიანი ელექტროძრავით და ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკით აღიჭურვება. მათი მეშვეობით, ელექტრომობილი შეუჩერებლად 150 კილომეტრის გავლას შეძლებს.
No comments:
Post a Comment