”ნისანმა” ელექტრომობილ ”ლიფის” ფასები გამოაქვეყნა
Nissan Leaf
25 მაისი
ეს ნამდვილი მოვლენაა - პირველად მსოფლიო ავტოინდუსტრიის ისტორიაში, ელექტრომობილის მასობრივად წარმოება იწყება. პიონერი კი ”ნისანია”, რომელმაც ახლახანს, თავის ელექტრომობილ ”ლიფის” ფასები და მისი გაყიდვების სტრატეგია გამოაქვეყნა.
დღეს მთელს მსოფლიოში, არაერთი პატარა თუ დიდი კომპანია აწარმოებს ელექტრომობილებს, მაგრამ წარმოების მოცულობა იმდენად მცირეა, რომ მათ გამო, ავტოინდუსტრიაში მომხდარ დიდ გარდატეხაზე ლაპარაკიც კი უხერხულია. ეს გარდატეხა კი რეალურად მაშინ დაიწყება, როდესაც ”ნისან ლიფი” იაპონური კომპანიის დილერთა შოურუმებში გამოჩნდება.
მოკლედ მსოფლიოს პირველი მასობრივი ელექტრომობილის შესახებ: ის ხუთკარიანი ჰეჩბეკია, რომელიც ევროპული კლასიფიკაციით C სეგმენტს, ეგრეთ წოდებულ ”გოლფ” კლასს შეესაბამება. პირველად ის შარშან, იოკოჰამაში გამოჩნდა და მაშინვე სპეციალისტების დიდი ყურადღება მიიქცია. განსაკუთრებით კი საინტერესო ის განცხადება იყო, რომლის შესაბამისადაც, ”ნისან ლიფი” დაახლოებით, თავისი კლასის შიდაწვისძრავიანი ავტომობილების ფასში გაიყიდებოდა.”ნისან ლიფის” ელექტროძრავი 107 ცხენის ძალას და 280 ნიუტონმეტრს ავითარებს. ამასთან, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი მაშინვე მიიღწევა, როგორც კი ძრავი ამოქმედდება (ეს ელექტროძრავების თვისებაა). ამ ძრავის მეშვეობით, ”ლიფის” მაქსიმალური სიჩქარე 140 კმ/სთ-ს აღწევს, რაც საქალაქო ავტომობილისთვის სრულიად საკმარისია.
ელექტრომობილის ენერგიის წყარო ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკია, რომელში დაგროვილი მუხტიც საკმარისია იმისათვის, რომ მანქანამ 160 კილომეტრი გაიაროს. ეს კი, იაპონური კომპანიის განცხადებით, სრულად დააკმაყოფილებს მსოფლიო ავტომფლობელთა 70 პროცენტზე მეტის ყოველდღიურ საჭიროებებს. აკუმულატორების სრული დამუხტვისთვის ”ნისან ლიფს” 8 საათი სჭირდება, მაგრამ სწრაფი დამუხტვის რეჟიმით, სულ ნახევარი საათია საკმარისი იმისათვის, რომ აკუმულატორები 80 პროცენტით დაიმუხტოს.
”ნისანმა” გამოაცხადა, რომ ევროპაში ელექტრომობილი ”ლიფი” პირველ რიგში, ოთხი ქვეყნის - ირლანდიის, ჰოლანდიის, პორტუგალიისა და ბრიტანეთის ბაზრებზე გაიყიდება. ამ ქვეყნებზე არჩევანი იმ მარტივი მიზეზის გამო შეჩერდა, რომ იქ ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილები მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს. ეს კი ავტომობილის საბოლოო ფასზე დადებითად აისახება.
ევროპული ოთხი ქვეყნიდან, ”ნისან ლიფი” ყველაზე ძვირი ტიტების ქვეყანაში ეღირება. იქ მას დილერები 32 839 ევროდ დააფასებენ. სამაგიეროდ, ამ ქვეყნის მთავრობა ელექტრომობილის მყიდველს პირდება, რომ ”ნისან ლიფის” ექსპლუატაციის პირველი 5 წლის განმავლობაში, დაახლოებით 6 000 ევროს დაზოგვა იქნება შესაძლებელი. ელექტრომობილების მფლობელ ჰოლანდიელებს რეგისტრაციის გადასახადს არ გადაახდევინებენ და საგზაო გადასახადისგანაც გაათავისუფლებენ.
ირლანდიასა და პორტუგალიაშიც, ელექტრომობილებისთვის საგზაო გადასახადი უკვე გააუქმეს და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებს, ჯამში 5 000 ევროს გადასახადებისგანც ათავისუფლებენ. შედეგად, ამ ორ ქვეყნებში ”ნისან ლიფი” 29 955 ევრო ეღირება. ყველაზე იაფი კი ეს ელექრტომობილი ბრიტანეთში ეღირება, სადაც მყიდველს 27 471 ევროს (უფრო სწორედ, ამ ფასის შესაბამისი თანხა გირვანქა სტერლინგებში) გადახდა მოუწევს. აქვე უნდა ითქვას, რომ ალბიონზე ასეთი დაბალი ფასი ნაწილობრივ შესუსტებულმა გირვანქა სტერლინგმაც განაპირობა. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ოთხივე ჩამოთვლილ ქვეყანაში, ”ნისან ლიფის” ფასებში აკუმულატორების ღირებულებაც გათვალისწინებულია, მათი საექსპლუატაციო ვადა კი მინიმუმ 5 წელია.
ამ ქვეყნებში ”ნისან ლიფზე” წინასწარი შეკვეთების მიღებას ივლისში დაიწყებენ. პირველი შემკვეთები სასურველ ავტომობილს პორტუგალიასა და ჰოლანდიაში დეკემბრიდან მიიღებენ, ოდნავ მოვიანებით კი ელექტრომობილი ბრიტანულ კუნძულებსაც მიაღწევს.
ევროპამდე, ”ნისანმა” თავის ელექტრომობილზე შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო იაპონიასა და აშშ-ში. ამომავალი მზის ქვეყანაში, მისი საბაზო ღირებულება 40 640 დოლარია, თუმცა საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, ფასი 32 370 დოლარამდე ჩამოდის. შედარებისთვის, იაპონური ბაზრის ბესტსელერი, ჰიბრიდული ”ტოიოტა პრიუსი” იქ 22 200 დოლარად იყიდება.
ყველაზე დიდი შეღავათებით კი ”ლიფი” (ფოთოლი) ამერიკაში ისარგებლებს, სადაც მისი საბაზო ღირებულება 32 780 დოლარია. ამას აკლდება ქვეყნის მთავრობის მიერ, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებზე დაწესებული შეღავათები, რომლებიც ჯამში 7 500 დოლარს შეადგენს და გამოდის რომ, აშშ-ში ”ნისან ლიფის” 25 280 დოლარად შეძენა შეიძლება. უფრო მეტიც, ზოგიერთ შტატში, ამ ავტომობილის მყიდველი დამატებითი ბონუსებითაც ისარგებლებს.
სამაგიეროდ, ამერიკის ბაზარზე, ”ნისან ლიფის” შეძენის მსურველთათვის ერთი პირობა მოქმედებს - მათ უნდა შეიძინონ აკუმულატორების დასამუხტი სპეციალური მოწყობილობა, რომელიც აკუმულატორების საყოფაცხოვრებო ელექტროქსელიდან დამუხტვის საშუალებას იძლევა. ასეთი მოწყობილობის ფასი კი 2 200 დოლარია.
მაგრამ ეს არაფერია იმ დიდ შეღავათთან, რასაც ელექტრომობილი თავის მფლობელს მისცემს - ”ნისან ლიფის” აკუმულატორების სრულად დამუხტვა ერთ კოლოფ სიგარეტზე იაფი დაჯდება(!).
”ნისანი” თავისი ელექტრომობილის წარმოებას ჯერ იაპონიაში დაიწყებს. იქ გამოშვებული ავტომობილები ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში გაიყიდება. 2012 წელს მუშაობას ამერიკული ქარხანა დაიწყებს, რომელიც ამერიკის და მახლობელი რეგიონის ქვეყნების ბაზრებს დააკმაყოფილებს. 2013 წელს კი სანდერლენდის ქარხანა ამოქმედდება, რომლის მიერ წარმოებული ”ლიფიც” ევროპული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი
აღსანიშნავია, რომ წარმოების პირველ წელს, იაპონურ კომპანიას შედარებით მოკრძალებული გეგმები აქვს - სულ რაღაც 6 000 ცალი ”ლიფის” გამოშვებას აპირებს. თუმცა, ამის ახსნა ადვილია. ჯერ ერთი, ავტომობილი თავისი კლასისთვის საკმაოდ ძვირი ღირს. მეორეც, ბაზარზე ის აბსოლუტური სიახლეა და აქედან გამომდინარეობს მესამე - ჯერჯერობით, ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების ქსელი არცერთ ქვეყანაში არაა შექმნილი. ასე რომ, თავიდან ”ლიფის” მფლობელებს საკუთარი, საშინაო დასამუხტი მოწყობილობის იმედზე ყოფნა მოუწევთ.
მოკლედ, გარკვეული დროა საჭირო იმისათვის, რომ ავტომოყვარულები ელექტრომობილებს შეეჩვიონ და შეჩვევის ეს რთული და ძვირადღირებული მისია პირველმა ”ნისანმა” ითავა. რა თქმა უნდა, მიმდევრების ელექტრომობილებს გაცილებით იოლი ცხოვრება ელით - მათ ”ლიფის” მიერ გატკეპნილ გზაზე მოუწევთ გავლა...
No comments:
Post a Comment