Monday, May 24, 2010

ახალი დეტალები ”ფერარი ენცოს” შესახებ

Next Ferrari Enzo: new details

24 მაისი

ძველი ”ფერარი ენცო”

..........................................

ინგლისურ ჟურნალ ”ავტოქართან” საუბრისას, ”ფერარის” გენერალურმა დირექტორმა ამედეო ფელისამ განაცხადა, რომ მისი კომპანია არ აპირებს ნახშირბადოვანი ბოჭკოს კომპოზიტების ფართოდ გამოყენებას მანამ, სანამ არ დაადგენს, ხანგრძლივი ექსპლუატაციისას ეს მასალა რამდენად გამძლეა.

”ჩვენ ამ მასალას ვიყენებთ და გამოვიყენებთ ისეთ ავტომობილებში, რომლებსაც ძალიან შეზღუდული რაოდენობით ვაწარმოებთ და რომლებიც ყოველდღიური გამოყენებისთვის არაა განკუთვნილი, ისეთებზე, როგორიც ახალი ”ენცო” იქნება”, - ჟურნალთან საუბრისას განაცხადა ფელისამ.

”ფერარი” კარბონის კომპოზიტებს დიდი ხანია იყენებს ისეთ მოდელებზე, როგორებიცაა F50 და ”ენცო”. თუმცა ფელისა ირწმუნება, რომ ეს მასალა ჯერ არაა ემდენად შესწავლილი, რომ ის სხვა, უფრო მრავალტირაჟიან მოდელებზეც ფართოდ გამოიყენონ.

”ფერარისგან” განსხვავებით, უფრო თამამად იქცევა ”მაკლარენი”, რომელმაც თავისი პირველი სერიული ავტომობილის, MP4-12C-ის მზიდი ელემენტი მთლიანად კარბონის კომპოზიტისგან დაამზადა. მალე კარბონს თავისი სუპერ ავტომობილების წარმოებაში ფართოდ დანერგავს ”მერსედეს-ბენცი”, ”ბეემვე” კი თავის კონცეპცია ”ეფიციენტდაინემიქსის” ერთ-ერთ მთავარ ელემენტად კარბონის ფართოდ გამოყენებას მიიჩნევს.

”ერთის თქმა შემიძლია - დღეს არავინ იცის, ავარიის დროს რა მოსდის მზიდ სტრუქტურას, რომელიც კარბონისგან არის დამზადებული. ვინ იცის, რა მდგომარეობაში ჩავარდება 20-30 წლის შემდეგ მანქანა, რომლის სტრუქტურაც კარბონისაა? ამ ეტაპზე, მხოლოდ თვითმფრინავების წარმოებაში აქვთ ამაზე წარმოდგენა, მაგრამ იქაც, ამ მასალის გამოყენება ძალიან შეზღუდულია. ჩვენი მანქანები კი რემონტს ადვილად ექვემდებარება, თუ ძლიერ არ დაზიანდება. ჩვენ კი არ გვინდა, რომ მათ ეს თვისება დაეკარგოთ”, - ამბობს ფელისა.

მანვე განაცხადა, რომ ახალი ”ფერარი ენცოს” წარმოება 2012 წელს დაიწყება. ავტომობილი კი ორტურბოკომპრესორიანი V8 ძრავით აღიჭურვება. კარგა ხანს იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ახალი ”ენცოსთვის” მარანელოელები წყვილტურბოიან V6 აგრეგატს ამზადებდნენ. თუმცა ფელისამ ექვსცილინდრიანი ძრავი მისი კომპანიის საწარმოო პროგრამაში კატეგორიულად გამორიცხა.

”ექვსცილინდრიანი ძრავი ჩვენს გეგმებში არ შედის და არც შევა მანამ, სანამ მას მომხმარებელი მოგვთხოვს. დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ძრავის და მანქანის შესაძლებლობანი მისი ცილინდრების რაოდენობაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომაა, რომ შემუშავების პროცესში გვაქვს ჰიბრიდული ტექნოლოგია, რომელსაც V8 და V10 ძრავებით აღჭურვილ ავტომობილებზე გამოვიყენებთ. უფრო მეტიც, ჩვენ ჰიბრიდული ტექნოლოგიებით, V12 ძრავების შენარჩუნებაც შეგვიძლია”, - ამბობს ფელისა.

ჯერჯერობით, არაფერია ცნობილი ახალი ”ენცოს” ტექნიკური მახასიათებლების შესახებ. სავარაუდოდ, იტალიური კომპანია სულ 500 ცალ სუპერ ავტომობილს (ისევე როგორც პირველი ”ენცოს” შემთხვევაში) გამოუშვებს, რომელთა ფასიც, 500 000 დოლარის ფარგლებში იქნება.

No comments:

Post a Comment