”ტესლა” ელექტრულ ქროსოვერსაც გამოუშვებს
Tesla Electric CUV Coming in 2013
1 მაისი
ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია ”ტესლა” თავისი საწარმოო პროგრამის გაფართოებას გეგმავს - მალე ის სედანისა და ქროსოვერის გამოშვებას დაიწყებს. ამასთან, თუ სედანთან დაკავშირებული გეგმები მისმა ხელმძვანელობამ ადრევე გამოაქვეყნა, ქროსოვერის შესახებ კომპანიის შეფმა ელონ მასკმა ახლახანს განაცხადა.
ამ ეტაპზე, ”ტესლა” მხოლოდ ელექტრო როდსტერს აწარმოებს, რომელიც 1000 ცალზე მეტი გაჰყიდა. შემდეგი ავტომობილი, რომლის წარმოებასაც ეს კომპანია აითვისებს, სედანია, რომელიც ამ ეტაპზე, ”მოდელ S-ის” (S ერთსაფეხურიან გადაცემათა კოლოფს აღნიშნავს) სახელითაა ცნობილი. თუმცა, ეს მხოლოდ როდსტერის წარმოების დასრულების შემდეგ, მერმისს მოხდება.
როდსტერისა და სედანის გარდა, ”ტესლა” სპორტული კუპეს წარმოებასაც აპირებს, რომლითაც ”პორშეს” 911 ტურბოს გაუწევს კონკურენციას. გეგმაშია ასევე კომპაქტური სედანის წარმოებაც, რომელიც დაახლოებით ”ბეემვეს” მე-3 სერიის სედანის ზომისა იქნება.
რაც შეეხება ქროსოვერს, ამერიკულ გამოცემა ”ავტოუიკის” ინფორმაციით, ამ ავტომობილის წარმოება 2013 წელს დაიწყება. მის შესახებ არანაირი ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა ვარაუდები არსებობს. კერძოდ, ჟენევის წლევანდელ ავტო შოუზე, იტალიაში მოქმედმა ევროპის დიზაინის ინსტიტუტმა (IED) კონცეპტუალური ელექტრო ქროსოვერი ”აი” წარმოადგინა.
ეს კონცეპცია ინსტიტუტის სტუდენტების მიერაა შექმნილი. მისი გაბარიტებია: სიგრძე 4.3 მეტრი, სიგანე 1.4 მეტრი, სიმაღლე კი - 1.8 მეტრი. რაც მთავარია, კონცეპციის შემუშავებაში მონაწილეობა ”ტესლას” სპეციალისტებმაც” მიიღეს, რომლებიც სტუდენტებს კონსულტაციებს უწევდნენ. ამასთან, მოდელი გამოფენაზეც ამერიკული კომპანიის ემბლემით წარსდგა.
No comments:
Post a Comment