Tuesday, August 31, 2010

ლონდნური საავტომობილო აუქციონის ვარსკვლავები

31 აგვისტო

ლამბორგინი მიურა SV ჯოტა
..............................

ლეგენდარული ავტომობილების მოყვარულებისა და დამფასებლებისთვის, 27 ოქტომბერი განსაკუთრებული დღე იქნება - ამ დღეს, ლონდონში გაიმართება საავტომობილო რარიტეტების აუქციონი, რომელზეც რამდენიმე ლეგენდარული ავტომობილის შეძენა იქნება შესაძლებელი. რა თქმა უნდა, სასურველი ავტოს საკუთარ ფარეხში დაყენებას მხოლოდ ისინი შეძლებენ, ვისაც ამისათვის მილიონები არ ენანება.

გასაყიდ ავტომობილებს შორისაა ”ლამბორგინი მიურა SV ჯოტა”. ცნობისათვის, ასეთი ავტომობილი იტალიურმა კომპანიამ სულ ხუთი ცალი დაამზადა. ის ”ლამბორგინის” ტესტ პილოტ ბობ უოლესის მიერ მოდიფიცირებულ ვერსია ”მიურა პრივატას” სპეციალურად მიეძღვნა. ეა ძალიან იშვიათი ავტომობილია ანტიკვარული მანქანების ბაზარზე და ამდენად, ძალიან ძვირიც.

ამ ავტომობილს სპეციალური რესტავრაცია, ამ საქმის სპეციალისტმა გარი ბობილეფმა ჩაუტარა. როგორც ავტომობილის პატრონი ამბობს, რესტავრაცია ძვირი არ დაჯდა, რადგან მისი ”მიურა” ისედაც შესანიშნავ მდგომარეობაში იყო. ასეა თუ ისე, აუქციონის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ”ლამბორგინი მიურა SV ჯოტა” 1.25-1.7 მილიონ დოლარად გაიყიდება.

ასტონ მარტინ DB5

..............................

კიდევ უფრო ძვირად უნდა გაიყიდოს აუქციონის მორიგი ექსპონატი - ”ასტონ მარტინ DB5”, რომელიც კინოსამყაროში ბონდმობილის სახელითაა ცნობილი (ის ჯეიმს ბონდის ორ ფილმში - ”გოლდფინგერსა” და ”თანდერბოლშია” გადაღებული). ეს მანქანა ოდესღაც ფილადელფიელ ბიზნესმენ ჯერი ლის სულ რაღაც 12 000 დოლარად, უშუალოდ ”ასტონ მარტინისგან” შეუძენია, რომლის ფაბრიკაშიც, კინოსა და ავტოსამყაროს ვარსკვლავს მტვერი ედებოდა.

ლი აღიარებს, რომ თავისი ”ბონდმობილის” საჭეს არასდროს მისჯდომია, თუმცა ის ყოველთვის მოვლილი და გაკრიალებული იდგა პატრონის ფარეხში. ასე გასულა 40 წელი. მერე კი ბონდის პარტნიორი ლის ერთ-ერთ ნაცნობს აღმოუჩენია და უთქვამს, რომ შესაძლოა, ეს ავტომობილი დღეს მილიონები ღირდეს. ასე მიაღწია ლონდონის აუქციონამდე შონ კონერის ოთხბორბალა პარტნიორმა.

სხვათა შორის, ეს ავტომობილი აღჭურვილია ყველა იმ საოცრებით, რომლებიც მოუხელთებელ სუპერ აგენტს, მისი საქმიანობის დროს ეხმარებოდა. თანაც, ყველა მოწყობილობა დღესაც მწყობრშია და თუ ბონდს დასჭირდა, მათს გამოყენებას შეძლებს.

საინტერესოა, რომ ბონდის ფილმებისთვის სულ ორი ”ასტონ მარტინ DB5” გამოიყენეს, მაგრამ მეორე ეგზემპლარის ბედი დიდი ხანია, უცნობია. ის ფლორიდელ ბიზნესმენ ენტონი პულიეზეს ეკუთვნოდა, მაგრამ ამ მანქანის შესახებ, 1997 წლის შემდეგ, არაფერია ცნობილი. ამ კაცს მეორე ”ბონდმობილი” 1986 წელს, 275 000 დოლარად შეუძენია და პატარა ქალაქ ბოკა რატონის აეროპორტის ერთ-ერთ კერძო ანგარში დაუყენებია, საიდანაც 11 წლის შემდეგ, გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა.

ლონდონური აუქციონის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ შემორჩენილი ბონდმობილი დაახლოებით 5 მილიონ დოლარად გაიყიდება.

No comments:

Post a Comment