Tuesday, August 31, 2010

ელექტრომობილების სიჩქარის რეკორდი სტუდენტებმა დაამყარეს

Buckeye Bullet Sets EV Speed World Record

31 აგვისტო

ავტოინდუსტრიის ისტორიის დასაწყისში, ელექტრომობილები ტრანსპორტის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ საშუალებად იყო მიჩნეული, თუმცა საჭირო ტექნოლოგიების განუვითარებლობამ, ასეთ მანქანებს საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ჩაუკეტა ბაზრის კარი.

მაგრამ ვითარება იცვლება - გვინდა თუ არა, უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ არცთუ შორეულ მომავალში, ჩვენი ავტომობილი უხმაურო იქნება და მას მამოძრავებელ ძალას ელექტროძრავი მიანიჭებს. სამაგიეროდ, ის დაახლოებით იმდენივე ელექტროენერგიას მოიხმარს, რამდენსაც ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო მაცივარი.

თქმა ადვილია, მაგრამ თანამედროვე ავტომოყვარულის გონება ასეთ რადიკალურ ცვლილებას ადვილად ვერ შეეგუება. მყიდველი თუ დარწმუნებული არ იქნა, რომ ელექტრომობილი ისეთივე დინამიური და მძლავრი შეიძლება იყოს, როგორებიც თანამედროვე შიდაწვისძრავიანი ავტომობილებია, მათკენ არც გაიხედავს. მოკლედ, ელექტრომობილებს შესაბამისი პროპაგანდა ესაჭიროებათ და ამ მხრივ, რა უნდა ყურადღების მიქცევის იმაზე უკეთესი საშუალება, ვიდრე სიჩქარის მსოფლიო რეკორდის დამყარებაა.

რეკორდების დამყარებაზე კი ამერიკაში, სხვადასხვა უნივერსიტეტები და მათი სტუდენტები ზრუნავენ. ისინი მიზნის მისაღწევად, ნამდვილ მონსტრებს ქმნიან, ისეთებს, რომლებზეც უფრო ხმელეთზე მქროლავ რაკეტას იტყვი და არა ავტომობილს. თუმცა მთავარი ისაა, რომ ეს ავტომობილი-რაკეტები ფენომენურ სიჩქარეს ავითარებენ და მსოფლიო მედიის (მათთან ერთად კი მომავალი მყიდველისაც) ყურადღებასაც იქცევენ. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ასეთი უნივერსიტეტების საქმიანობას დიდი საავტომობილო კომპანიები აფინანსებენ.

ერთ-ერთი ასეთია შტატ ოჰაიოს უნივერსიტეტი, რომლის სტუდენტების მიერ შექმნილმა სარეკორდო ელექტრომობილმაც (სტრიმლაინერის კლასის), სახელად ”ბაქაიდ ბულეტ”, ბონვილის გამშრალი ტბის ფსკერზე, წარმოუდგენელი სიჩქარე - 495 კმ/სთ განავითარა. ეს კი 100 კმ/სთ-ით მეტია მსოფლიოს მანამდელ რეკორდზე, რომელიც ჯერ კიდევ წინა საუკუნის მიწურულს (1999 წელს), ინვალიდმა პილოტმა პეტ რამერფილდმა თავისი ”უაით კაითნინგით” დაამყარა.

ოჰაიოელი სტუდენტების ელექტრომობილის სიჩქარის რეკორდი ჯერ ოფიციალური არაა, რადგან გარბენის შესრულებისას, სიჩქარეს მხოლოდ ტრასაზე დამონტაჟებული სენსორები ზომავდა. რეკორდის ოფიციალურად დამტკიცებისთვის კი საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ოფიციალური დამკვირვებელია საჭირო. თუმცა, მთავარი ისაა, რომ სტუდენტებს ეს მიღწევა თავად რამერფილდმა მიულოცა, რომელმაც აღიარა, რომ მისი რეკორდი გაუმჯობესებულია.

მალე კი, რეკორდისთვის ოფიციალური სტატუსის მისანიჭევლად, ოჰაიოელები გარბენს ოფიციალური დამკვირვებლების წინაშე შეასრულებენ. ამისათვის კი საჭიროა, რომ საპირისპირო მიმართულებით შესრულდეს ორი გარბენი, რომელთა სტარტს შორისაც ერთ საათზე მეტი არ გავა. სტუდენტების თქმით, ერთ-ერთი საცდელიგარბენისას, მათმა რეკორდსმენმა 514 კმ/სთ-იც კი განავითარა, მაგრამ ეს შედეგი ოფიციალურად არ დაფიქსირებულა.

”ბაქაი ბულეტი” 600-კილოვატიანი ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკითაა აღჭურვილი, რომელიც სტუდენტებს კომპანია ”A123 სისტემზმა” მიაწოდა. ბლოკში სულ 1600 ხალი ელემენტია თავმოყრილი, დაახლოებით ისეთები, როგორებსაც ლეპტოპებში იყენებენ. რა სიმძლავრის ძრავი ამოძრავებს რეკორდსმენს, ამაზე ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.

No comments:

Post a Comment