მყიდველს უფრო ძვირი ”შევროლე ვოლტი” ურჩევნია
Chevrolet Volt Beats Nissan Leaf in autoevolution Poll
19 სექტემბერი

მსოფლიოს საავტომობილო ისტორიაში მალე ახალი თავი დაიწყება - ბაზარზე სერიული ელექტრომობილების გაყიდვები დაიწყება. პიონერები ”ნისანი” და ”ჯენერალ მოტორსი” იქნებიან. პირველი სრულფასოვან ელექტრომობილ ”ლიფის” გაყიდვებს დაიწყებს, მეორე კი გაზრდილი სვლის მქონე ელექტრულ ჰიბრიდ ”შევროლე ვოლტს” გამოუშვებს. სხვადასხვა მცირე კომპანია ელექტრომობილებს ახლაც უშვებს, მაგრამ მათ სათვალავში იმიტომ არ ვიღებთ, რომ ძალიან მცირე რაოდენობით ელექტრულ მანქანებს აწარმოებენ და ამდენად, ბაზარზე ამინდის შექმნა არ შეუძლიათ.
ამიტომ, ახლა მთელი ავტოსამყაროს ყურადღება სწორედ ”შევროლე ვოლტისკენ” და ”ნისან ლიფისკენაა” მიპყრობილი. ბუნებრივია, ბევრ საავტომობილო გამოცემას აქვს ცდუნება, რომ ეს ორი ელექტრომობილი ერთმანეთს შეადაროს. ასეთ გამოცემებს შორისაა ინტერნეტ ჟურნალი ”ავროივოლუშნ”, რომელმაც თავის მრავალრიცხოვან მკითხველს შორის, ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანიც მარტივი იყო: მკითხველს თავისი ფავორიტი უნდა აერჩია.
ამ ორ ელექტრულ ავტომობილს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა. ”ნისან ლიფი” სრულფასოვანი ელექტრომობილია. ანუ, მას მხოლოდ ელექტროძრავი ამოძრავებს და ეს უკანასკნელი კი მხოლოდ აკუმულატორებში დაგროვილ ენერგიას იყენებს. მისი სვლის სიშორე 160 კილომეტრია. რაც მთავარია, პრაქტიკულად არ აქვს გამონაბოლქვი. ამ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ის, რომ ეს ელექტრომობილი შეიძლება თბოსადგურებში გამომუშავებულ ენერგიას იყენებდეს. ამგვარად, ირიბად მაინც აბინძურებს გარემოს.
გაცილებით მეტი სვლის სიშორე აქვს ”ვოლტს”. მართალია, მხოლოდ აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია მას მხოლოდ 64 კილომეტრის გასავლელად ჰყოფნის, მაგრამ როცა აკუმულატორები იცლება, საქმეში მცირელიტრაჟიანი შიდაწვის ძრავისა და ელექტროგენერატორის ტანდემი ერთვება, რომელიც ელექტროძრავს ენერგიით ამარაგებს. ამგვარად, ”ვოლტის” სვლის სიშორე 483 კილომეტრამდე იზრდება. სამაგიეროდ, მას გამონაბოლქვი (თუნდაც უმნიშვნელო) აქვს.
დაკიდევ, ამ ორ ავტომობილს ფასებიც ძლიერ განასხვავებს: ”ნისან ლიფი” ამერიკაში 25 280 დოლარად უნდა გაიყიდოს, რაც ოდნავ მეტია პოპულარულ ჰიბრიდულ (ეგრეთ წოდებულ ლაით ჰიბრიდ) ”ტოიოტა პრიუსის” ფასზე. რაც შეეხება ”შევროლე ვოლტს”, ის 33 500 დლარი ეღირება. ამდენად, მოსალოდნელი იყო, რომ იაპონური მანქანა პოტენციურ მყიდველს უფრო მეტად მოხიბლავდა.
No comments:
Post a Comment