Thursday, September 30, 2010

სუპერ ელექტრომობილი საკუთარი იუბილესთვის

Jaguar C-X75 Concept

30 სექტემბერი

ინგლისურ დიდ კატას, რომელიც საავტომობილო სამყაროში ”იაგუარის” სახელითაა ცნობილი, დაარსებიდან 75 წელი შეუსრულდა და ამ თარიღთან დაკავშირებით, პარიზის შოუსთვის, გაზრდილი სვლის სიშორის მქონე ელექტრონული კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი მოამზადა, რომელსაც იუბილესთან დაკავშირებით, C-X75 უწოდა.

ავტომობილი ოთხი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრე 780 ცხენის ძალას, მაბრუნი მომენტი კი 1600 ნიუტონმეტრს აღწევს. ელექტროძრავები ბორბლებშია მოთავსებული და მათვე ამოძრავებენ. გარდა ამისა, ავტომობილის შუაში გაზზე მომუშავე ორი ტურბინა განლაგდა, რომლებიც მათთან დაკავშირებული გენერატორების დახმარებით, ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. თითოეული ტურბინის სიმძლავრე 180 ცხენის ძალაა.

მარტო ლითიუმ-იონურ აკუმულატორებში დაგროვილი ელექტროენერგია საკმარისია იმისათვის, რომ ელექტრომობილმა დაახლოებით 100 კილომეტრი გაიაროს. მაგრამ როდესაც ტურბინები ამუშავდება, ავტომობილის სვლის სიშორე 900 კილომეტრამდე იზრდება. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ტურბინების მუშაობის დროს, ყოველი კილომეტრის გავლისას, C-X75 ატმოსფეროს მხოლოდ 28 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.

ოთხი მძლავრი ელექტროძრავის დახმარებით, საიუბილეო სუპერ ელექტრომობილი, რომელიც 1350 კილოგრამს იწონის, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3.4 წამში ასწრებს, 80-დან 145 კმ/სთ-მდე მას 2.3 წამი ჰყოფნის. მაქსიმალური სიჩქარე კი 330 კმ/სთ-ს აღწევს.

ძრავის გარდა, ამ ავტომობილის აეროდინამიკური პაკეტიც ყურადღებას იმსახურებს. ჯერ ერთი, ძარა ალუმინისგანაა შესრულებული. მეორეც, აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი საკმაოდ ცოტა - 0.32-ია. რაც მთავარია, ავტომობილის ძირზე განლაგებულია ეგრეთ წოდებული ვენტურის მილი, რომელიც მის ქვეშ გაუხშოებულ არეს წარმოქმნის და ასე მიიღება გრაუნდ ეფექტი. ეს კი ბორბლებზე დინამიკურ დატვირთვას ზრდის. აეროდინამიკური დანიშნულებით, ასევე გამოიყენება გამობოლქვილი გაზის ჭავლი.

და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ”იაგუარის” განცხადებით, კონცეპტუალური C-X75-ის მიხედვით შეიძლება იმაზე მსჯელობაც, თუ როგორი გარეგნობა ექნება ამ კომპანიის ახალ ავტომობილებს.

No comments:

Post a Comment