”ლამბორგინი” მეექვსე ელემენტის მომთვინიერებელი გახდა
Lamborghini Sesto Elemento Concept, the Carbon Surprise
30 სექტემბერი

ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ”ლამბორგინიმ” თავის კონცეპტუალურ სუპერ ავტომობილს, ”სესტო ელემენტო”, ანუ მეექვსე ელემენტი უწოდა და არა ”ჯოტა”, როგორც ნავარაუდები იყო. ავტომობილის შასი და ძარა, თითქმის მთლიანად ნახშირბადის კომპოზიტისგანაა დამზადებული. მეექვსე ელემენტიც ნახშირბადია, რომელსაც ქიმიური ელემენტების ტაბულაში მეექვსე ადგილი უკავია. თავისი სახელის აღსანიშნავად, კონცეპტუალური ავტომობილი შავ, ნახშირბადის ფერადაა შეღებილი. და, იტალიურმა კომპანიამ, ეს ნახშირბადოვანი საოცრება პარიზის საავტომობილო შოუზე გამოფინა.

ეს ავტომობილი არამხოლოდ იმითაა გამორჩეული, რომ მასში ფართოდაა გამოყენებული ნახშირბადის კომპოზიტი. მის შესაქმნელად, სანტ’აგატა ბოლონეზელებმა ახალი ტექნოლოგიური ციკლი გამოიყენეს, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობა ვაშინგტონის უნივერსიტეტის და აეროკოსმოსურ კომპანია ”ბოინგის” სპეციალისტებმაც მიიღეს.

გარეგნულად, ”მეექვსე ელემენტი” სტელსის ტიპის თვითმფრინავს ჰგავს. საქარე მინა და ფსევდო კაპოტი თითქმის ერთ სიბრტყეშია მოთავსებული, რაც ”ლამბოს” ტრადიციული სტილია და ჰაერის მინიმალურ წინააღმდეგობას წარმოქმნის. ეს ფსევდო კაპოტი თითქმის მთლიანად ფარავს რადიატორის ბადეს, მის ქვეშ კი დიდი ზომის სპოილერია, რომელიც ჰაერს რადიატორისკენ და ფრთებისკენ მიმართავს.

სიმარტივით გამოირჩევა ”სესტო ელემენტოს” ინტერიერი, რომელიც მინიმალისტურ სტილშია შესრულებული. მინიმალისტურში იმიტომ, რომ აქ ვერ ნახავთ მაჩვენებლების და დამხმარე მოწყობილობათა დაფას. საჭის რგოლის უკან ერთადერთ მრავალფუნქციურ მონიტორს წააწყდებით, რომელიც ყველაფერში დაგეხმარებათ. მოკლედ, საეჭვოა, რომ ამ სახით, ინტერიერმა ”სესტო ელემენტოს” საწარმოო ვერსიამდეც მიაღწიოს.
ალბათ საინტერესო იქნება, თუ გეტყვით, რომ კარბონმა ამ ავტომობილში ისეთ დეტალებშიც კი შეაღწია, როგორებიცაა კარდანის ლილვი, გამოსაბოლქვი მილები და საკიდარის წევები. ლაპარაკი აღარაა იმაზე, რომ მონოკოკური შასიც მთლიანად კარბონის კომპოზიტისგან დამზადდა. გამოსაბოლქვ მილებში კი კარბონის ბოჭკო შუშის ბოჭკოთია არმირებული და როგორც ”ლამბორგინი” ირწმუნება, ეს დეტალები 900 გრადუს ტემპერატურასაც კი უძლებს.
კარბონის ფართოდ გამოყენების შედეგი ისაა, რომ ”სესტო ელემენტო” სულ რაღაც 999 კილოგრამს იწონის. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ 5.2-ლიტრიანი V10 ძრავი 570 ცხენის ძალას იძლევა (მისი მაბრუნი მომენტი ოთხ წამყვან ბორბალს შორის თანაბრად ნაწილდება), გამოვა, რომ ავტომობილის ყოველ 1.75 კილოგრამზე თითო ცხენის ძალა მოდის. ამ ფარდობის წყალობით, მას ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 2.5 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 354 კმ/სთ-ს მიაღწევს.
No comments:
Post a Comment