Wednesday, September 29, 2010

”სესტო ელემენტო” - ”ლამბორგინის” ნახშირბადოვანი კონცეპცია

Lamborghini Sesto Elemento Concept, the Carbon Surprise

29 სექტემბერი

რა თქმა უნდა, ამ ავტომობილს საერთო არაფერი აქვს ჰოლივუდის ფილმ ”მეხუთე ელემენტთან” და არც უცხოპლანეტელებთან. იტალიური კომპანიის მარკეტოლოგებმა მარტივად გადაწყვიტეს - რამდენადაც ნახშირბადს ქიმიურ ელემენტთა ტაბულაში მე-6 ადგილი უკავია, ავტომობილსაც ამიტომ უწოდეს ”სესტო ელემენტო”, ანუ ”მეექვსე ელემენტი”.
და რა შუაშია ნახშირბადი? შუაში კი არა თავშია - ავტომობილის კონსტრუქცია თითქმის მთლიანად ნახშირბადის ბოჭკოს კომპოზიტისგანაა დამზადებული. ”ხარების” ამ მეექვსე ელემენტის დანიშნულება, პარიზის საავტომობილო შოუზე, ”ლამბორგინის” ტექნოლოგიური შესაძლებლობების დემონსტრაციაა. ეს კი იმისთვისაა საჭირო, რომ სანტ’ა აგატელები თავიანთი მომავალი სუპერ ავტომობილების წარმოებისას, ნახშირბადის კომპოზიტის ფართოდ გამოყენებას აპირებენ და ამ ავტომობილით, თავიანთი მომავალი პროდუქტების პროპაგანდას ეწევიან.

”ლამბორგინიმ” ამ კონცეპტუალური ავტომობილის ფოტო ტიზერების გამოქვეყნება, პარიზული შოუს დაწყებამდე ერთი თვით ადრე დაიწყო. ტიზერებში ხაზგასმით ჩანდა ნახშირბადის კომპოზიტით დამზადებული დეტალები. თუმცა, ფოტო ტიზერების კომენტირებისას, დასავლური საავტომობილო გამოცემები გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ იტალიურ კომპანიას პარიზისთვის თავისი უახლესი სუპერ ავტომობილი, სახელად ”ჯოტა” ჰქონდა მომზადებული და ტიზერებით მისადმი ინტერესს წინასწარ აღვივებდა.

ფრანგული ვებგვერდი ”ბლოგ აუტომობილ” გვაუწყებს, რომ კარბონის ფართოდ გამოყენების წყალობით, ”სესტო ელემენტო” სულ რაღაც 999 კილოგრამს იწონის. მის ბაზაში კი ის მძლავრი V10 აგრეგატია ჩადგმული, რომელიც მოდელ ”სუპერლეგარას” ემსახურება. იმავე გამოცების ცნობით, ამ ძრავის მეშვეობით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 2.5 წამში შეძლებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 354 კმ/სთ იქნება.

დაბოლოს, ამ ინფორმაციის წყარო ჯერ მხოლოდ ზემოთ ნახსენები ფრანგული საიტია. ასე რომ, მის ოფიციალურ დადასტურებას ახლა ”ლამბორგინისგან უნდა ველოდოთ. ცდა კი დიდხანს არ მოგვიწევს - ყველაფერი ამ დღეებში, პარიზის ავტო შოუს დაწყებისთანავე გაირკვევა...

No comments:

Post a Comment