Thursday, September 2, 2010

”ჰიუნდაიმ” პარიზული გამოფენისთვის კონცეპტუალური ix20 მოამზადა

Hyundai Presents ix20 Sketch: Set for Paris Debut

2 სექტემბერი

რაც დრო გადის, ნიშური სეგმენტები სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, რადგან საავტომობილო ბაზარზე კონკურენცია, როგორც არასდროს, ისეა გამკაცრებული. ეს გარემოება ავტომწარმოებლებს აიძულებს, რომ მათ პროდუქცია გაამრავალფეროვნონ და იმ სეგმენტებში შეაღწიონ, ან სულაც ისეთ სეგმენტებს ჩაუყარონ საფუძველი, როგორიც მათთვის ადრე უცხო იყო. ასე ისინი უფრო მეტი მყიდველის მიზიდვას ახერხებენ.

ამ ტენდენციას არც ”ჰიუნდაი” ჩამორჩა, რომელმაც პარიზის საავტომობილო გამოფენისთვის, B სეგმენტის კონცეპტუალური მინივენი ix20 მოამზადა, პრემიერამდე კი ინტერნეტით ამ ავტომობილის ესკიზი გაავრცელა.

როგორც ამ ესკიზზე ჩანს, ავტომობილი ულტრა თანამედროვე გარეგნობით გამოირჩევა. ეს ავტომობილი, კორეული კომპანიის კორპორატიულ სტილში (თხევადი სკულპტურა) არის შესრულებული, რომელიც ”ჰიუნდაის” დინამიურ იმიჯს უსვამს ხაზს. ეს კონცეპცია ”ჰიუნდაის” ევროპულ კვლევისა და განვითარების ცენტრში შეიქმნა, რომელიც რუსელსჰაიმში მდებარეობს. ეს არის მეორე ავტომობილი, რომელიც ამ ცენტრში შემუშავდა. პირველი კი ix35 იყო.

კომპანიის განსაზღვრებით, ix20 თავის თვისებებში აერთიანებს პრაქტიკულობას, კომფორტს და მართვის სიმარტივეს. მის სალონში უფრო მეტი სივრცეა, ვიდრე ამავე კლასის სხვა ავტომობილებში. ამასთან, ”მისი მართვა მძღოლისთვის მარტივი და სასიამოვნოა”.

რაც მთავარია, ix25 მთავარ მოთხოვნას პასუხობს - ის ეკონომიური ძრავების ფართო გამას მიიღებს. მათ შორისაა ბენზინის ორი აგრეგატი, რომელთა მუშა მოცულობა, შესაბამისად, 1.4 და 1.6 ლიტრია და ერთიც 1.4-ლიტრიანი დიზელი.

ამ კონცეპტუალური მოდელის გარდა, პარიზის გამოფენის ”ჰიუნდაის” პავილიონში კიდევ რამდენიმე ახალი ავტომობილის, მათ შორის, განახლებული i10-ის ხილვა იქნება შესაძლებელი.

No comments:

Post a Comment